ქართული ოცნების თავმჯდომარის ფრაზა, რომელსაც თავად კობახიძე ირონიად აფასებს, ოკუპირებულ რეგიონში შემაშფოთებლად აღიქვეს.

რა მოხდა: 13 სექტემბერს, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის სურვილში.

  • მანვე თქვა, რომ შეუძლიათ ჩაატარონ პლებისციტი, უნდა თუ არა ხალხს, საქართველოში "გაიხსნას მეორე ფრონტი" — იქვე ირონიულად აღნიშნა, რომ "რასაც ხალხი იტყვის, იმას შეიძლება გაჰყვნენ".
  • 14 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა თქვა, რომ "სერიოზულად აშფოთებთ" ეს განცხადება.
  • ამავე დღეს, კობახიძემ განმარტა, რომ მისი ნათქვამი "სარკაზმი და მცირე ირონია" იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: "მეორე ფრონტის" გახსნაზე პროპაგანდისტული ნარატივი უკვე დიდი ხანია აქტუალურია. ამ თემის ინტერპრეტირებით მმართველი გუნდის წევრები და მათთან დაახლოებული პირები აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებს — აშშ-ს, ევროკავშირს და უკრაინას.

  • ამ შემთხვევაში ე.წ. პლებისციტის საკითხი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა.
  • აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს.
  • "ყველას კარგად გვესმის, რას იგულისხმება "მეორე ფრონტში" და ეს ჩვენში ყველაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს", — განაცხადა მან.
  • მანვე მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, მოახდინონ რეაგირება მსგავს საფრთხეებზე, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია რეგიონში.

დეტალები: როგორც ე.წ. სახელმწიფო მედია წერს, ამ შეხვედრაზე ტუჟბამ ყურადღება გაამახვილა "საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივ ზრდაზე", კერძოდ, განიხილა NATO-სთან ერთად გამართული წვრთნები — ღირსეული პარტნიორი.

  • ტუჟბამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და "აფხაზეთის რესპუბლიკას შორის" სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შეთანხმებისა და ხელმოწერის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ეს ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი და ამოცანაა.
  • "მეორე ფრონტის" საკითხს გამოეხმაურა რუსეთიც — საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი "კიევის მოწოდებას", აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ, პროვოკაციად მიიჩნევს.
  • აღსანიშნავია, რომ რუსეთს უყურადღებოდ არც ღირსეული პარტნიორის წვრთნები დაუტოვებია და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ "მრავალეროვნული სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა ალიანსის მძიმე ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადატანა."