ბოლო დეკადებში ტატუ განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. მისი დახატვის პროცესში სპეციალისტებს კანში საღებავი ნემსის მეშვეობით, წერტილოვნად შეჰყავთ, რაც დიდ დროს მოითხოვს და მტკივნეულია, ქსოვილის მთლიანობის დარღვევისას კი სისხლიც გამოიყოფა.

ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები ალტერნატიულ მეთოდს გვთავაზობენ, რომელიც უმტკივნეულო, უსისხლო და ხანმოკლეა. ასევე, მისი მეშვეობით სხეულს თავადვე მოიხატავთ. საუბარია ერთგვარ სტიკერებზე, რომლებზეც ქვიშის მარცვალზე მცირე ზომის მიკრონემსებია დამაგრებული და ხსნად მატრიცაში მოთავსებულ საღებავ შეიცავს.

"ჩვენ ნემსი მინიატიურულად ვაქციეთ, რათა მას ტატუს საღებავი კანში უმტკივნეულოდ და ეფექტიანად შეეტანა. მართალია, ზოგი ადამიანისთვის სხეულის მოხატვის თანმდევი ტკივილი და პროცედურის ხანგრძლივობა მისაღებია, თუმცა ვიფიქრეთ, რომ სხვებმა შესაძლოა, ისეთი ტატუ არჩიონ, რომლის გაკეთებაც უმტკივნეულო და მარტივია", — აცხადებენ ავტორები.

სტიკერზე დამაგრებული თითოეული მიკრონემსი გამოსახულების პიქსელებს შეესაბამება და კანზე ნებისმიერი ნახატის გადატანის საშუალებას იძლევა. ამისთვის საკმარისია, ისინი სათანადოდ განლაგდეს, შემდეგ კი კანზე განათავსეს, რომელში შეღწევისასაც საღებავს გამოათავისუფლებს. ამას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტატუირებისთვის ნებისმიერი ფერის საღებავის გამოყენებაა შესაძლებელი, მათ შორის ისეთის, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერ სინათლეზე ჩანს. ნემსები ქსოვილის ზედა ფენას ეხება და თავს არიდებს როგორც ნერვულ დაბოლოებებს, ასევე სისხლძარღვებს.

კვლევის თანახმად, ასეთი ტატუები მინიმუმ 1 წლით ძლებს და, სავარაუდოდ, მუდმივიც იქნება. ახალი მეთოდი სამედიცინო,კოსმეტიკური თუ სხვა დანიშნულებითაც შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, ნაიარევების ან დამწვრობების დასაფარად, ცხოველების საიდენტიფიკაციოდ და ა.შ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში iScience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.