რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქალაქ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებებზე ფილმს იღებენ. კინოსურათი, სახელად ბუჩა, რეალურ ამბებს დაეფუძნება და მაყურებელს კიევის მახლობლად მდებარე დასახლებების: ბუჩის, ვორზელის, ჰოსტომელისა და ირპინის ოკუპაციის შესახებ მოუთხრობს.

აღნიშნული ქალაქები რუსი სამხედროების ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც თებერვლის თვეში ომი დაიწყო. ოკუპანტების გასვლის შემდეგ, დასახლებებში ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული. მასობრივმა საფლავებმა, ნაწამები და მოკლული ადამიანების ცხედრებმა მსოფლიო შეძრა. გათავისუფლების მერე ბუჩას არაერთი ქვეყნის ლიდერიც ეწვია და რუსეთის ნამოქმედარი საკუთარი თვალით ნახა.

ფილმში კი, რომელსაც უკრაინაში იღებენ, მოთხრობილია ბუჩის ერთ-ერთი მცხოვრების, კონსტანტინ გუდაუსკასის, ისტორიაც. გუდაუსკასი ყაზახეთის მოქალაქეა, რომელიც პოლიტიკურ დევნილად იქცა და უკრაინაში ცხოვრობს. რადგან იგი ყაზახეთის პასპორტით სარგებლობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და მშვიდობიანი ადამიანების გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა. ჯამში მან ქალაქის 203 მცხოვრები იხსნა, თუმცა, ამავდროულად, დასახლებებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის მოწმეც გახდა.

კინოსურათი ასევე მოგვითხრობს ცნობილ უკრაინელ კომპოზიტორზე, იჰორ პოკლადზე, რომელიც მშობლიურ ქალაქ ვორზელში იმყოფებოდა, როცა ომი დაიწყო.

ფილმის ტრეილერი 13 სექტემბერს, კიევში, უკვე აჩვენეს.

"როცა აპრილის თვეში ბუჩასა და სხვა ქალაქებში მომხდარის შესახებ შევიტყვეთ, ცხადი გახდა, რომ მსოფლიოს უკრაინელი ხალხის ტრაგედიის შესახებ უნდა გაეგო", — ამბობს ფილმის პროდიუსერი, ოლეკსანდრ შჩური, — "გვჯერა, რომ ამ პროექტის განხორციელება უკრაინას საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევაში დაეხმარება და მომავალში ქვეყნისადმი ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააძლიერებს".

ფილმის გადაღებები ზამთარშია დაგეგმილი, პრემიერა კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება.

კინოსურათისათვის მსახიობების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მთავარი ანტაგონისტის როლს უკრაინელი მსახიობი ვიაჩესლავ დოვჟენკო შეასრულებს.

რადგან უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ფილმი მთლიანად უცხოელი შემომწირველების მიერ დაფინანსდება. ამისთვის დონაციის გაღება თქვენც შეგიძლიათ.