არაჯანსაღი პირის ღრუ ჯანმრთელობის მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული, ახალი კვლევის მიხედვით კი მათ შორის შესაძლოა კოგნიტიური უნარების შესუსტება და დემენციაც იყოს.

ეს კავშირი აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შენიშნეს, რომელთაც ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად მათ ხელთ არსებული მონაცემები შეისწავლეს. კერძოდ, სპეციალისტებმა ჯამში 47 ხანგრძლივი კვლევა გააანალიზეს, რომელიც მონაწილეთა დენტალური და კოგნიტიური ჯანმრთელობის შესახებ შეიცავდა ცნობებს. ავტორებმა ყურადღება იმ ადამიანებზე გაამახვილეს, რომელთაც თავიდან დემენციის დიაგნოზი არ ჰქონდათ დასმული.

ფოტო: LightFieldStudios

შედეგად, მათ დაასკვნეს, რომ არაჯანსაღი პირის ღრუს მქონე ინდივიდების შემთხვევაში გონებრივი პრობლემების ჩამოყალიბების 23%-ით მეტი შანსი იყო, დემენციისა კი 21%-ით მეტი, ვიდრე სხვებში. ასევე, დადგინდა, რომ კბილების დაკარგვა ამ დარღვევების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უფრო სიღრმისეული კვლევების ჩატარებაა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს პირის ღრუსა და ტვინის ჯანმრთელობა. ეს შესაძლოა, სამომავლოდ დემენციის რისკის შემცირებაში დაგვეხმაროს, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა კონტროლირებადია.

"სათანადო ორალური ჰიგიენა პირის ღრუს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია და ეს ჩვენს ზოგად ჯანმრთელობასა თუ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Geriatrics Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.