ალბათ, მტირალი ბავშვის დამშვიდების გაუთავებელი მცდელობისას თქვენც არაერთხელ შეუპყრიხართ სასოწარკვეთას — ამ დროს ერთი შეხედვით არაფერი მოქმედებს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საქმე არც ისე ცუდადაა.

ახალი კვლევის მიხედვით, ამ დროს შვილის ხელში დაჭერა და დაჯდომა არ დაგეხმარებათ — ამას ბავშვის გულისცემის გახშირება და მისი უარესად აფორიაქება შეუძლია. ნაშრომი, რომელშიც მეცნიერები მარტივ და სხვებზე ეფექტიან მეთოდს გვაცნობენ, გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

მეცნიერების აზრით, უმჯობესია, მშობლებმა მტირალი ბავშვი ხელში აიყვანონ და ცოტა ხნით ასეირნონ. ამგვარი მიდგომა ხშირად ბავშვის გულისცემას ანელებს და მას ჩაძინებაში ეხმარება. სულ რაღაც ხუთწუთიანი სიარულის შემდგომ კვლევის მონაწილეთა დაახლოებით ნახევარმა შეძლო მტირალი ბავშვების წარმატებით დაძინება.

ამის შემდეგ კიდევ ერთი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს: საწოლში მძინარე ბავშვის ისე ჩაწვენა, რომ არ გამოეღვიძოს. მონაწილეებმა, რომლებიც სიარულის შემდეგ ჩაძინებულ ბავშვთან ერთად ხუთი წუთის განმავლობაში ისხდნენ, ეს ყველაზე უკეთ მოახერხეს — ბავშვის გასაღვიძებლად ნაზი შეხება ან კარის დახურვაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.

ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში იმ 13 ბავშვიდან, რომელთაც ჩაეძინათ და მალევე არ გაუღვიძიათ, 9 მათგანი საწოლში სწორედ სიარულისა და დაჯდომის მეთოდით ჩააწვინეს.

"დაცულობისათვის მომვლელმა ჩვილი სხეულზე უნდა მიიკრას და მას თავი დაუჭიროს", — გვირჩევენ ავტორები — "ხუთი წუთის განმავლობაში ბრტყელ, თავისუფალ ზედაპირზე უნდა ისეირნოთ მუდმივი ტემპით, სასურველია, მკვეთრი მოხვევისა და შეჩერების გარეშე".

კიდევ ხუთი წუთით ჯდომის შემთხვევაში უფრო ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ საწოლში ჩაწვენისას ბავშვი გაიღვიძებს.

თავისთავად, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, თუმცა, როგორც ჩანს, ბავშვებს სწორედ ასეთი ტემპით სიარული ამშვიდებთ. ამასთანავე, სხვა კვლევებიც მოწმობს, რომ ადამიანისა თუ სხვა ძუძუმწოვრების ნაშიერები მაშინ მშვიდდებიან, როდესაც დედებს უჭირავთ.

თაგვების შემთხვევაში რხევითი მოძრაობა დაძინებას იმიტომ უწყობს ხელს, რომ ვესტიბულარულ სისტემას ააქტიურებს — სენსორულ სისტემას, რომელიც მოძრაობის, თავის პოზიციისა და სივრცითი ორიენტაციის შესახებ უზრუნველყოფს ინფორმაციას.

ახალი კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ადამიანებშიც სწორედ რაღაც ამდაგვარს უნდა ჰქონდეს ადგილი. მაგალითისთვის, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ დასაძინებლად მოძრავ საწოლში რწევას ბავშვებზე ისეთივე გავლენა ჰქონდა, როგორიც სიარულისას ხელში ჭერას.

შესაბამისად, მოძრაობა აფორიაქებული ბავშვის დამშვიდებასთან ძლიერ კავშირშია. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ბავშვები არ ტიროდნენ, გასეირნებამ მათზე ანალოგიური გავლენა სულაც არ იქონია. ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ მტირალი ბავშვები დანარჩენებზე მეტად დაღლილები იყვნენ.

დაბოლოს, გასათვალისწინებელია, რომ კვლევა პატარაა და საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. ამასთანავე, ექსპერიმენტი მხოლოდ დედებზე იყო ორიენტირებული და სხვა ცვლადები (თუნდაც ხმით დამშვიდება) ცდიდან ცდამდე ერთნაირი არ ყოფილა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.