Apple-მა გუშინ, 12 სექტემბერს, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა iOS 16 გამოუშვა. მისი დაყენება სრულიად უფასოა და შესაძლებელია iPhone 8-დან მოყოლებულ ყველა მოდელზე. თუ თქვენც ხართ iPhone-ის მომხმარებელი, მაშინ ამ სტატიაში ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას, განახლებული მახასიათებლებით როგორ უნდა დაიცვათ უკეთ საკუთარი ციფრული მონაცემები.

იხილეთ ასევე: რამდენიმე დღეში Apple განახლებულ iOS 16-ს გამოუშვებს — ნახეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ

ყველაზე შთამბეჭდავი Lockdown-ის რეჟიმია, რომელიც შექმნილია, რათა მომხმარებლები შპიონაჟისა და მავნე პროგრამული თავდასხმებისგან დაიცვას. Apple-მა ეს ფუნქცია პირველად ამ წლის ივლისში ჩაუშვა, როდესაც მომხმარებლების მხრიდან პროგრამა-ჯაშუშზე ჩივილმა საგრძნობლად იმატა. Apple-მა ეს მახასიათებელი თავიდან საკუთრივ ჯაშუშობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოხმარებლებისთვის დაამატა; ახლა ახალი მოდელის მობილური სისტემების გამოშვებასთან ერთად Lockdown ყველასათვის გახდა ხელმისაწვდომი. მოდით, მოკლედ გადავხედოთ ამ ახალ ფუნქციას — როგორ გამოიყენოთ ის და, საერთოდ, რატომ შეიძლება, ის დაგჭირდეთ.

როგორ უნდა გაააქტიუროთ Lockdown რეჟიმი?

Lockdown-ის ჩართვა ძალიან მარტივია. ამისათვის გადადით თქვენი მობილურის Settings-ში, აირჩიეთ Privacy and Security და შემდეგ დააჭირეთ Lockdown Mode-ს. სულ ესაა.

როგორ მუშაობს ის?

Lockdown ბლოკავს მავნე პროგრამათა უდიდეს ნაწილს, რომელიც თქვენს მობილურში iMessage-ის მეშვეობით ხვდება (კიბერთავდასხმისას ძირითადად ამ მეთოდს იყენებენ). ის ასევე ბლოკავს კომპიუტერებთან ან სხვა მოწყობილობებთან მობილურის კაბელით დაკავშირებას და უკუაგდებს ყველა შემოსულ მოწვევას თუ მოთხოვნას, თუ მათი გამოგზავნა ადრესატმა თავიდანვე არ შეათანხმა. ზოგ შემთხვევაში მოწყობილობაზე დაყენებული სხვადასხვა კოდიც შეიძლება დაიბლოკოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თქვენს მობილურს დაცულ ციხესიმაგრედ აქცევს, რომელში შეღწევაც მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც თქვენ იცნობთ. ეს ძალიან კარგია, რადგან თქვენ ერთობ დაცული იქნებით, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ iOS-ს მარტივად ვეღარ გამოიყენებთ — ამ რეჟიმის ჩართვის ხარჯზე თქვენი მობილური შეფერხებებით იმუშავებს.

კარგი ამბავი ისაა, რომ iPhone-ის მომხმარებელთა 99.9 პროცენტს არ დასჭირდება ეს ფუნქციონალი. Lockdown შექმნეს იმ ადამიანთათვის, ვინც შპიონაჟის აშკარა საფრთხის ქვეშაა — ჟურნალისტებისთვის, დიპლომატებისთვის, აქტივისტებისთვის... როდესაც Apple-მა ეს ფუნქცია ჩაუშვა, მათ აღნიშნეს კიდევაც, რომ ის ითვლება "ექსტრემალურ, არჩევით დაცვის საშუალებად ადამიანთა გარკვეული, მცირე ჯგუფისთვის". კარგია, რომ კომპანიამ მისი გამოყენების უფლება ყველას მისცა, თუმცა, შესაძლოა, არც გჭირდებოდეთ საკუთარი მობილურის დაცვის ეს უმაღლესი ზომა.

დაცვის სხვა საშუალებები

დაცვის კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალია Safety Check. Lockdown-ის მსგავსად ისიც ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის შექმნეს, რომელთაც დაცვის დამატებითი საშუალებები სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ესენი არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები.

მოძალადეს შეიძლება ჰქონდეს წვდომა მსხვერპლის მობილურზე და მის კვალს ადევნებდეს თვალს. Safety Check კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოავლინოს მსგავსი შემთხვევები და ყველა არასასურველ პირს საკუთარ მობილურზე წვდომა შეუწყვიტოს. მათ შეუძლაით პაროლების შეცვლა, ლოკაციის გაზიარების გათიშვა და ამგვარად, საკუთარ მობილურზე სრული კონტროლის აღდგენა.

Safety Check-ის ჩართვა რამდენიმე ნაბიჯს მოითხოვს, თუმცა ესეც ერთობ მარტივია — ისევ უნდა გადახვიდეთ Settings-ში, შემდეგ Privacy & Security და დააჭიროთ Safety Check-ს. შედეგად თქვენ ორ არჩევანს გამოგიჩენთ — Emergency Reset-სა და Manage Sharing & Access-ს.