კერძო კოსმოსური კომპანიები ჩვენი პლანეტის ორბიტაზე უამრავი თანამგზავრის გაშვებას გეგმავენ. მათ შორის, განსაკუთრებით SpaceX აქტიურობს, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს უზრუნველყოფა ფართოდიაპაზონიანი ინტერნეტით. ამისათვის ორბიტაზე ათობით ათასობით 260-კილოგრამიან სატელიტს გზავნის და მათი წონა სულ უფრო მეტად იზრდება.

ყოველწლიურად კოსმოსში გაშვებული თანამგზავრები, რომლებიც ცაზე გრძელი განათებული ზოლის სახით ჩანს (ალბათ, ყველას გინახავთ სტარლინკის თანამგავრების განათებული ზოლი), მეცნიერების ყურადღებას იქცევს, რადგან ისინი დროდადრო უკვე რადიო სიგნალებს ახშობს. თანამგზავრი, რომელსაც SpaceX კვირის ბოლოს გაუშვებს, New Scientist-ის მიხედვით, ღამით ცაზე ყველა ვარსკვლავზე (მთვარის გარდა) კაშკაშად გაანათებს.

მოწყობილობა (BlueWalker 3) 1500 კილოგრამს იწონის და მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული საანტენო გისოსია (რამდენიმე ცალკეული ანტენისგან შემდგარი რთული ანტენა), რომელიც კი ოდესმე ორბიტაზე გაუშვიათ. ჩვენ გვაწუხებს ის ამბავი, რომ ეს სატელიტი ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ობიექტი იქნება, ვენერაზე მეტადაც კი", — თქვა ჯონ ბარენტინმა, Dark Sky Consulting-ის ასტრონომმა.

BlueWalker 3 იმდენად დიდია, რომ დედამიწაზე რომელიმე სმარტფონზე მონაცემის (სიგნალის) გაგზავნისას რადიო სიგნალების დახშობის ალბათობა არსებობს. "ჩვენ ამ სხივში აკუმულირებული დიდი ენერგია გვაღელვებს", — დაამატა ბარენტინმა.

New Scientist-ის მიხედვით, მომავალ წელს AST SpaceMobile ორბიტაზე BlueWalker 3-ზე სამჯერ დიდი 100 სატელიტის, BlueBird-ების გაგზავნას გეგმავს. ისეთი ტექ გიგანტები, როგორებიცაა Amazon და Apple, ასევე ცდილობენ ორბიტაზე საკუთარი ნიშა დაიკავონ.

"ასტრონომების დიდი ნაწილი აღიარებს, რომ მომავალში ორბიტაზე გაცილებით მეტი სატელიტი იქნება", — დაამატა მან. "მათ მშვიდობიანად თანაარსებობა შეუძლიათ, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ისინი უხილავები გავხადოთ, რაც შემაწუხებელია".