29 აგვისტოს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა — თავდაპირველად ხერსონის მიმართულებით, შემდეგ სულ სხვა მხარეს, ხარკოვისკენ გადაინაცვლა. მოკლე დროში არმიამ შეძლო და ხარკოვის ოლქში, რუსეთის საზღვრამდე რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა, ასევე, დაიბრუნეს ქალაქები: ბალაკლეა, იზიუმი და კუპიანსკი. წარმატებები ჰქონდა სამხრეთითაც.

რატომ არის ეს კონტრშეტევა მნიშვნელოვანი, რა გავლენა ექნება მას ომის ბედზე და რისი ჩვენება მოახერხა უკრაინამ — ამ თემებზე სამხედრო ექსპერტი, უჩა აბაშიძე გვესაუბრა.


რა სიტუაცია იყო კონტრშეტევის წინ ფრონტის ხაზზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სვლა?

მთავარი რაც უკრაინას უნდა მიეღწია, როდესაც უზარმაზარი ქვეყანა გესხმის თავს, არის რომ ეს მტერი გააჩერო. ზოგადად, ომში და ბევრ სპორტშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ინიციატივის ქონას. ანუ თუ შენ აყენებ მოწინააღმდეგეს დარტყმას, ყოველთვის ძალიან რთულია გამოიცნო საიდან იქნება შემდეგი შეტევა. სპორტი რომ წარმოვიდგინოთ, მოედანზე ბურთს წინ ყოველთვის გააგორებ, თუ ბურთი შენ გაქვს. მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა არის პირველი მნიშვნელოვანი დავალება, როცა ეს მოწინააღმდეგე შენზე ბევრად ძლიერია.

უკრაინამ ბოლო ხუთ-ოთხ თვეში მოახერხა საბოლოოდ გაეჩერებინა რუსების ინიციატივა. ერთი თვის განმავლობაში ინიციატივა არავის ჰქონდა — ვერც რუსები აკეთებდნენ ვერაფერს და ვერც უკრაინელები. რუსი მოაზროვნე ანალიტიკოსები თვითონაც განიცდიდნენ ამ ამბავს. როცა შენ აღარ აყენებ მოწინააღმდეგეს დარტყმებს და განსაკუთრებით მოულოდნელ დარტყმებს, ამით საშუალებას ქმნი, რომ ბოლოს ის დაგარტყამს. ეს მოხდა ამ ომშიც, უკრაინამ მოახერხა მოუტყუებია მოწინააღმდეგე. [...]

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპისთვის ამ წარმატების ჩვენება, ეს გაზრდის მხარდაჭერას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ უკრაინელი ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ უკრაინას შეტევა შეუძლია.

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

ბრძოლა ჯერ სამხრეთით დაიწყო, შემდეგ კი მიმართულება შეიცვალა — იყო ეს სტრატეგიის ნაწილი, რომ რუსებს დაებნიათ?

უკრაინამ რა გააკეთა?! იძახა ხერსონი, ხერსონი, ხერსონი [სამხრეთის მიმართულება], აიძულა რუსეთი იმ შეიარაღებით რაც აქვს, გადაენაწილებინა ისე, რომ ხერსონი დაეცვა და უცებ დაესხა სულ სხვა მიმართულებით. დაიწყო გათავისუფლების ოპერაცია იქ, სადაც არავინ ელოდა.

ხერსონზე კონტრშეტევის დაწყებას ეს მაშინვე ეტყობოდა. იქ შეტევა სამი მიმართულებით მიმდინარეობდა და სამივე გამოიყურებოდა ძალიან სუსტად. ამაზე სამხედრო ექსპერტებიც ვსაუბრობდით, ალბათ, ხერსონში მეოთხე მიმართულება გამოჩნდება, რომელიც მართლა ძლიერი იქნებაო. რუსებიც წერდნენ, რომ ყურადღების გადასატანი მანევრია და აბა, სად შეგვიტევენო. ოღონდ ყველა ელოდა, რომ ისევ ხერსონში გამოვლინდებოდა მთავარი მიმართულება და თურმე, სულ სხვაგან იწყება, ფრონტის მეორე ბოლოში, ხარკოვის რაიონში.

უკრაინელებმა გამოიყენეს კიდევ ერთი მიდგომა — არ ეცადნენ ცალ-ცალკე ქალაქების აღებას, იგივე რუსებმაც გააკეთეს 24 თებერვალს. ეს ტაქტიკა საშიშია, როცა სხვას უტევ ქალაქების ზურგში ჩატოვება ძალიან სახიფათოა, მაგრამ როცა შენი ქალაქებია და საკუთარ მიწაზე მოძრაობ, ხშირად წარმატების მომტანია, ქალაქს კი არ ეომები, ტოვებ ალყაში. მოსახლეობა უკრაინის მხარესაა, ყოველი მოქალაქე დაზვერვაა, როცა შენი ქალაქია — ყველა გირეკავს, რომ გვერდით სახლში არის მტერი და მარტივად იღებ ინფორმაციას.

ამ გზით გაანგრიეს რუსული დაცვა, რომელიც ისედაც სუსტი იყო მაგ მიმართულებით და შემდეგ სულ ჩამოინგრა. რუსეთის უბედურება არის ის, რომ დღემდე ომობენ არა გრძელ, რთულ, საშინელ ომს, არამედ პიარის ომს, რომელიც უცებ უნდა მოიგონ. უცებ ვერაფერს ვერ მოიგებენ.

როდესაც შენი დაცვა გაარღვიეს, შენით უნდა დათმო 50 კილომეტრი და დაიწყო ხაზის დალაგება რაღაც გეოგრაფიულ საზღვარზე. უნდა გადაწყვიტო, რომ მორჩა, ამას მაინც ვერ შევინარჩუნებთ და ასე სჯობს, ხალხს შევინარჩუნებთ — რუსეთმა ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო, დაიწყეს ხალხის მიყრა და ვინც მივიდა ისინიც ჩაიხოცნენ.

ომში, რაც დიდხანს არ გაუქმდება, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება არის რაოდენობა და შემართება. საბრძოლო შემართება სრულიად დაკარგეს რუსებმა. ვერაფრით ვერ დამალეს ის, რომ იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი ბრძოლით დაიკარგა.

გათავისუფლებული ქალაქი ბალაკლეა

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

ამ მიზეზების გარდა, კიდევ რა არის უკრაინის წარმატების განმსაზღვრელი და რატომ ვერ ახერხებს რუსეთი პოზიციების შენარჩუნებას?

უკრაინა აღწევს წარმატებებს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან გადავიდა დიდი ომის გეგმებზე და ჯარის შემადგენლობა დაახლოებით გაასამმაგა, მილიონ ჯარისკაცამდე ავიდნენ. ოღონდ უკრაინა თავისი გამოწვევის წინაშეა — მილიონი ჯარისკაცი ფრონტზე კი არ არის, უზარმაზარი ტერიტორია აქვთ საკონტროლებელი, ბელორუსის საზღვარზე ტყუილად დგანან ჯარები და ა.შ.

ფურცელზეც კი უკრაინა დღეს უკვე 100-ჯერ მეტ ჯარს ფლობს. მათი ტექნიკური შესაძლებლობები გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ, თანაც რამდენჯერმე, ხარისხობრივს კიდევ არ ვითვალისწინებ, აი, რუსეთის კი შემცირდა.

გრძელვადიან ომში ჩანს რომ რუსეთი აგებს, მაგრამ თვითონ რუსეთი ვერ იგებს, რომ აგებს. როგორ ვერ იგებს, არ უნდა, რომ აღიაროს, რომ გრძელვადიან ომშია ჩართული, დღემდე სპეცოპერაციას ეძახის. სანამ ამას ვერ გადაარქმევს, სანამ მობილიზაციას არ გამოაცხადებს, სანამ იმ მობილიზებულ ხალხს არ მოამზადებს, სანამ მომზადებულ ხალხს არ მიაწვდის ტექნიკას, რომელიც მოდერნიზებული აღარ ჰყავს...

[რედაქციის ჩართვა: რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია დღეს 21 სექტემბერს გამოაცხადა, ინტერვიუ ამ გადაწყვეტილების მიღებამდეა ჩაწერილი]

რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ გადავიდეს დიდი ომის რელსებზე და მერე შანსი ექნება, ოღონდ ამას დასჭირდება წლები, მინიმუმ ერთი მაინც და რუსეთს წლები არ აქვს. უკრაინამ მზადება ჯერ ისედაც 2014 წლის შემდეგ დაიწყო, ნელ-ნელა მოუმატა და 6 თვის წინ გაიგო, რომ ეს არის დიდი ომი, სამამულო ომი, ეს არ იქნება მოკლე და სწრაფი.

რუსეთმა წააგო დაგეგმვა, იმიტომ, რომ ბლეფით და ტყუილით აქვს შექმნილი და წააგო მსოფლიოს მხარდაჭერაც. თავის თავს მოკავშირეებს ეძახიან, მაგრამ მოკავშირეები არიან უკრაინის მხარეს — ის 60 ქვეყანაა მოკავშირე, რამშტაინში რომ იკრიბება, რუსებს არანაირი მოკავშირე არ ჰყავთ. ცდილობენ, ბლეფით ეს ომი ხალხში გამოაჩინონ, როგორც მეორე მსოფლიო ომის გაგრძელება. შექმნილი აქვთ ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ფაშისტებს ებრძვიან მოკავშირეებით, ოღონდ მოკავშირეები არ არსებობენ, მარტო რუსეთია. [...]

თუ ახლა არ გაიაზრებენ, რომ დიდ ომში მონაწილეობენ, რომელშიც მორდორი არიან, თავდამსხმელები არიან და არა მოკავშირეები, შანსი არ აქვთ შემდეგ ზაფხულამდე... ვერ მოიგებენ, აუცილებლად უარეს და უარეს დღეში ჩავარდებიან და თუ ამას გაიაზრებენ მთელი წელი უნდა გადაიარაღდნენ და ისეთ მსხვერპლზე წავიდნენ, რომლისათვისაც მზად არ არიან.

რუსეთის ჩვეულებრივ მოსახლეობას არ უნდა მორდორის ჯარში მონაწილეობა, არც 3-მილიონიანი ხორცის როლით და ბანძი ავტომატებით თანამედროვედ შეიარაღებულ უკრაინელებზე მივარდნა. მათ სურდათ, რომ ეს ომი მომხდარიყო მათ გარეშე, ტყუილით და ლამაზად ტელევიზორში.

ფოტო: Verkhovna Rada of Ukraine

ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომელზეც ჩანს რუსეთის სამხედრო ტექნიკა და იარაღი, რომლებსაც ოკუპანტები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ტოვებენ. ხუმრობით ამას რუსულ ლენდ-ლიზსაც უწოდებენ, რამდენად გამოადგება ეს ტექნიკა უკრაინას და როგორ შეძლებს მათ გამოყენებას?

ფრონტზე როცა ხელში იგდებენ ტექნიკას, თითქმის არასოდეს იყენებენ იქვე ბრძოლაში, რადგან რაღაც არ უმუშავებს — ხანდახან საწვავი არაა, ქვემეხი არ ისვრის, ბორბალი არ ტრიალებს, ზეთია შესაცვლელი. ასე რომ იმ წამს იმით ბრძოლაში ვერ ერთვებიან. მაგრამ როგორც გაირკვა, 4 ტანკიდან ერთს აწყობენ და იყენებენ საქმეში. მძიმე ტექნიკაში ხშირია, რომ თვითონ ტექნიკა კი არ განადგურდება აბსოლუტურად, რაღაც დაზიანდება და მერე გაარემონტებენ და დააბრუნებენ.

რუსული ტექნიკა გამოადგებათ ახლაც, მათ შორის ტყვია-წამლის საწყობები ჩაიგდეს ხელში. უკრაინამ თვითონ აღიარა, რომ სამი თვის წინ დაუმთავრდა ტყვია-წამლის მარაგი, რაც ჰქონდათ მომზადებული და მას შემდეგ დამოკიდებულები არიან ნატოსგან მიღებულ შეიარაღებაზე. NATO-ს და რუსეთის შეიარაღება განსხვავდება იმით, რომ არცერთი ტყვია-წამალი ერთმანეთს არ ემთხვევა — რუსულს ვერ გამოიყენებ ნატოს იარაღში და ნატოსას ვერ გამოიყენებ რუსულში.

იმის გამო, რომ უკრაინას გაუთავდა ტყვია-წამალი, ბევრი უკრაინული ტექნიკა გაჩერდა, ის ტექნიკა, რომელიც გადარჩა პირველ სამ თვეში. მოუწიათ, გადასულიყვნენ მთლიანად ნატოს ტექნიკაზე. საწყობების ხელში ჩაგდება აჩენს საშუალებას რომ ის უკრაინული ტექნიკა, რომელიც გამოთიშული იყო, დაუბრუნდება ბრძოლას.

რა განვითარებას შეიძლება ველოდეთ უახლოეს კვირებში? ზამთრის დადგომამდე უკრაინისთვის პოზიციების გამყარება იქნება თუ არა გადამწყვეტი ომის დასრულებისთვის?

პროგნოზების კეთება ძალიან რთულია, ვინაიდან უკრაინამ კარგად ისწავლა როგორ დამალოს ყველაფერი. თუ უკრაინას უკვე არ აქვს მომზადებული შემდეგი მიმართულება, მაშინ უახლოეს კვირებში არაფერი არ იქნება. ეს კონტრშეტევაც ორი თვე მზადდებოდა. ყველაზე არასწორი არის ხოლმე პროგნოზები, რახან ამდენი დაიპყრეს, ადამიანებს მოლოდინი უჩნდებათ — ტვინი ასე მუშაობს, ერთ დღეს თუ არის 5 ლარი, მეორე დღესაც 5 ლარი, მესამე დღესაც, ესე იგი მეოთხე დღესაც მიიღებ 5 ლარს, მაგრამ ომი ასე არ მუშაობს.

ხაზამდე მივიდნენ, შეტევა შეჩერდა და შეიძლება, ახალი შეტევა არ დაიწყოს ზაფხულამდე, შეიძლება, დაიწყოს ზეგ. ამის შესახებ ვერც ვიტყვი და არც უნდა გეუბნებოდეთ, რომ ვიცოდე. ზოგადად, რა თქმა უნდა, უკრაინისგან მოსალოდნელია კონტრშეტევები ყველა მიმართულებაზე იმიტომ, რომ არსებობს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს დაპყრობილი აქვს. როდის უნდა მოხდეს ეს ყველაზე უკეთ იცის უკრაინამ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ომი რომ მოიგონ, სულ რომ გარეკონ ყველა რუსი თავიანთი ტერიტორიიდან, ამით არ დასრულდება, სანამ არ აღიარებს რუსეთი, რომ წააგო. ეს უნდა მოხდეს პუტინის გაგდებით. ვიღაც სხვა უნდა მოვიდეს, რომელიც იტყვის — "კარგი დროებით წავაგეთ", თან ხალხის თვალში გაამართლებს — "ჩვენ ახლა მოვემზადებით და შურს ვიძიებთ". ოღონდ ამ პერიოდში, პუტინის წაგებას იმხელა ტალღა უნდა მოჰყვეს, რომ რუსეთი ჩამოინგრეს და ეს "დროებით" უნდა დაავიწყდეთ. [...]

ამ შეტევამ უკრაინას მოუტანა უზარმაზარი ბუფერი, რომ როგორც უნდა ისე გააგრძელებს ბრძოლას. თუ უნდა პოზიციურ ომში გადავა, დრო უკრაინაზე მუშაობს. ერთადერთი რის გამოც პოზიციური ომის ყველა დამკვირვებელს გვეშინოდა, არის ის, რომ უკრაინას აქამდე არ უჩვენებია შეტევა და ყოველთვის, როცა ასეთ ბრძოლაზე გადადიოდა, რუსეთი იგებდა. თუმცა ახლა ორი თვე მსგავსი ომი იყო და უკრაინამ ზედ გადაუარა რუსეთს, როცა მოუნდა.

ახლა თუ უკრაინას პოზიციურ ომში გადაყვანა სჭირდება, აღარავისთვისაა ხიფათის მომტანი. მოუნდება? გადავა, ესე იგი ასეა საჭირო, რუსეთისთვის უარესი. იმიტომ, რომ რუსეთს მიზნად აქვს აღებული ეს სწრაფი და მცირე რაოდენობიანი სპეცოპერაციის მოგება და უკრაინას დავალებული აქვს გრძელვადიანი, კარგად მომარაგებული სამამულო ომი. პოზიციურ ომს მოიგებს ის, ვინც გრძელვადიანი, მომარაგებული ომისთვის არის მზად და წააგებს ის, ვისაც ჰგონია, რომ უცებ-უცებ მოიგებს რამეს.

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook