ქვეყნის წამყვან პედიატრსა და აკადემიკოსს, ირაკლი ციციშვილს, რომლის სახელსაც დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბავშვთა ჰოსპიტალი ატარებს, 100 წელი შეუსრულდებოდა.

მას უდიდესი წვლილი მიუძღვის პედიატრიული მიმართულების განვითარებაში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში და იყო საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტი. ასევე, გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით და შესულია საუკუნის 100 გამოჩენილი ადამიანის სიაში. უანგარო დახმარების გამო, ირაკლი ციციშვილს "სახალხო ექიმსაც" უწოდებდნენ.

მისი სახელობის ბავშვთა კლინიკა 175 საწოლზეა გაშლილი და ნეონატალური და პედიატრიული ასაკის პაციენტებს სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, წლის განმავლობაში, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისებით, საშუალოდ, 47 300-მდე პაციენტი სარგებლობს.