კანონპროექტის ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები, ელისო ბოლქვაძე, გიორგი ხელაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, რესან კონცელიძე და მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დეპუტატები მუზეუმის დაფუძნების აუცილებლობას ხსნიან იმით, რომ მნიშვნელოვანია მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდა და ცნობიერების ამაღლება.

  • ასევე, ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო ისტორიით, ტექნიკითა და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც.

განმარტებითი ბარათში ისინი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეროვნულ სამხედრო მუზეუმებს მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვს.

  • ინიციატივის მიხედვით, მუზეუმში განთავსებული იქნება ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.

დეტალები: დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუზეუმის შექმნისთვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი 23 753 112 ლარს შეადგენს.

  • აღნიშნულია, რომ მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი, შესაძლოა, განაწილდეს 4 საბიუჯეტო წელზე.
  • ასევე, მიუთითებენ, რომ ამ ტიპის მუზეუმის ასაშენებლად საჭირო იქნება დაახლოებით 2000-2500 მ2.