ქალი, რომელიც სუნის მიმართ ზემგრძნობიარეა, მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს პარკინსონის დაავადების ახალი სადიაგნოსტიკო ტესტის შექმნაში დაეხმარა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ორგანიზმში დიდი მოლეკულური წონის ლიპიდები, ანუ ცხიმოვანი ნივთიერებები აქვთ, რომლებიც აქტიურობით გამოირჩევა.

კვლევაში მონაწილეობა პარკინსონის მქონე 79-მა პაციენტმა 71 ინდივიდისგან შემდგარ კონტროლ ჯგუფთან ერთად მიიღო. მეცნიერებმა მათ კანის ცხიმის ნიმუშები კისრის მიდამოდან აუღეს და ისინი მას-სპექტრომეტრიის ორგვარი მეთოდით შეისწავლეს. ამ გზით შედეგების მიღებას მხოლოდ 3 წუთი სჭირდება.

მათი შთაგონება 72 წლის შოტლანდიელი ჯოი მილნია, რომელსაც ჰიპეროსმია, ანუ სუნისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობა აღენიშნება. ქალმა შენიშნა, რომ მის ქმარს მუშკის სუნი ასდიოდა, როცა 33 წლის იყო, პარკინსონის დიაგნოზის დასმამდე 12 წლით ადრე. სწორედ ამან მისცა ავტორებს ბიძგი, რომ ახალი ტესტი შეექმნათ.

ფოტო: University of Manchester

დღევანდელ მსოფლიოში პარკინსონი საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომლის სიმპტომებს შორისაცაა კანკალი, სიარულისა თუ მეტყველების გაძნელება და სხვა. სამწუხაროდ, ის არ იკურნება, თუმცა მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია. პრობლემურია მისი დროული დიაგნოსტირებაც.

უკანასკნელმა მიგნებამ შესაძლოა, ეს შეცვალოს და დაავადება მარტივად, უსწრაფესად გამოავლინოს. ავტორები გეგმავენ, რომ ახალი მეთოდი ლაბორატორიის გარეთაც გამოცადონ და 2 წელში კვლევები მანჩესტერში მცხოვრებ ადამიანებს ჩაუტარონ.

მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Chemical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.