2016 წელს ექიმების გუნდი მეცნიერ ჯონ ძინ ჭანგის ხელმძღვანელობით დაეხმარა ქალს, რათა მას მიტოქონდრიული ჩანაცვლების თერაპიის (MRT) გამოყენებით გაეჩინა მსოფლიოში პირველი ბავში, რომელსაც სამი ბიოლოგიური მშობელი ჰყავს. ეს ექსპერიმენტი დიდ სადისკუსიიო თემად იქცა, რადგან MRT კანონითაა აკრძალული ქვეყანათა აბსოულუტურ უმრავლესობაში, მათ შორის, აშშ-ში.

ახლა მეცნიერთა გუნდმა ჩინეთში ჩაატარა კვლევა და აჩვენა, რომ ამ ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოა და არ ახდენს გავლენას ემბრიონის ადრეულ განვითარებაზე. კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ვეი შანგმა Nature-თან ინტერვიუში განაცხადა: "მიტოქონდრიული ჩანაცვლების თერაპია სადავო სფეროა. ჩვენი კვლევით, ვიმედოვნებთ, რომ ამ ტექნიკის განვითარებისთვის სათანადო საფუძველს მოვამზადებთ".

"სამი მშბოლის ბავშვს" აქვს სამი სხვადასხვა ადამიანის გენეტიკური მასალა. ქალი, რომელმაც გააჩინა ეს ბავშვი, ატარებს ლეის სინდრომის, უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადების გენებს, რომელთა მუტაციაც დედის მიტოქონდრიულ დნმ-ში ხდება (შეგახსენებთ, რომ მშობლებიდან მიტოქონდრია შვილზე მხოლოდ დედიდან გადადის). ამ სინდრომით დაბადებული ბავშვები, როგორც წესი, სამ წლამდე იღუპებიან.

ლეის სინდრომის გამო ორი შვილის დაკარგვის შემდეგ ქალმა დახმარებისთვის ჭანგსა და მის გუნდს მიმართა ნიუ იორკში. ჭანგმა იცოდა, რომ MRT-ის გამოყენებით მას შეეძლო ამ გენების შემდგომ თაობებში გადასვლის შეჩერება. ვინაიდან ეს ტექნიკა აშშ-ში აკრძალული იყო, ბავშვის გასაჩენად ისინი მექსიკაში გადავიდნენ.

ჭანგმა და მისმა გუნდმა მუტირებული მიტოქონდრია და დნმ დედის კვერცხუჯრედში ერთმანეთისგან გააცალკევეს და დედის დნმ სხვა ჯანმრთელი ქალის კვერცხუჯრედში გადაიტანეს, რომელიც არამუტირებულ მიტოქონდრიას შეიცავდა. შემდეგ ეს კვერცხუჯრედი მამის სპერმატოზოიდით გაანაყოფიერეს. ამგვარად, ემბრიონში სამი ადამიანის — ბიოლოგიური დედის, მამის და დონორის — გენეტიკური მასალა აღმოჩდნა.

მიუხედავად იმისა, რომ მიტოქონდრიული ჩანაცვლების თერაპია მშობლებიდან შვილებზე დაავადებების გადასვლის პრევენციის კარგი საშუალებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ემბრიონში ხდება გარე, უცხო გენეტიკური მასალის შეყვანა, მას არაუსაფრთხოდ, არაეთიკურად თვლიან და ხშირად მოდელი ბავშვების შექმნის მცდელობად მიიჩნევენ.

ახდენს თუ არა გავლენას MRT ტექნიკა ემბრიონის განვითარებაზე?

ბლასტოცისტის პერიოდი

ფოტო: IE

მკვლევრები ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ სტანდარტულ ემბრიონსა და MRT-ის გამოყენებით შექმნილ ემბრიონს. მათ ერთმანეთს შეადარეს ბლასტოცისტი, ემბრიონული განვითარების პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან 5 დღის განმავლობაში გრძელდება. ორივე შემთხვევაში დნმ-დან მიტოროქნდრიულ რნმ-ზე ინფორმაციის გადაკოპირების ხარისხი თითქმის ერთნაირი იყო. მათ ერთმანეთს არა მარტო ერთი, არამედ ათობით ემბრიონი შეადარეს და ვერ აღმოაჩინეს რაიმე ფაქტორი, რომელიც MRT-ის გამოყენებით შექმნილი ემბიონის ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, დიეტრიხ ეგილი აღნიშნავს, რომ ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ აჩვენეს — ეს ტექნიკა რეალურად უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. თუმცა ჩინელმა მკვლევრებმა ემბრიონზე MRT-ს გავლენა მხოლოდ ბლასტოცისტის პერიოდში შეისწავლეს. კიდევ მეტი კვლევაა საჭირო, რათა ამ მეთოდის უსაფრთხოებაში სრულად დავრწმუნდეთ.

კვლევა ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.