ცნობილ ბრიტანულ ანიმაციაში გოჭი პეპა პირველად გამოჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილი — ორი ლესბოსელი პოლარული დათვი, რომლებიც პატარა პენის ერთად ზრდიან.

6 სექტემბერს გამოსულ სერიაში, სახელად "ოჯახი", პოლარული დათვი პენი ანიმაციის მთავარ პერსონაჟს უყვება, რომ ორი დედიკო ჰყავს, შემდეგ კი მათ ხატავს კიდეც.

"ჩემს დედიკოსთან და კიდევ ერთ დედიკოსთან ერთად ვცხოვრობ", — ამბობს პენი და ამატებს, რომ მისი ერთ-ერთი მშობელი ექიმია.

გოჭი პეპა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური სერიალია, რომელიც 40 ენაზეა გახმოვანებული და 180-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა. ცნობადობის მიუხედავად, ანიმაცია არაერთხელ გაუკრიტიკებიათ გენდერული სტერეოტიპების გამოყენების გამო — ოჯახი, სადაც მამა მუშაობს, დედა კი მხოლოდ შინ საქმიანობს.

ჯერ კიდევ 2019 წელს შეიქმნა პეტიცია, რომ ანიმაციაში, თითქმის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ერთი და იმავე სქესის წყვილი მშობლები გამოჩენილიყვნენ. მოთხოვნას წლების განმავლობაში 25 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

"ბავშვებზე, რომლებიც გოჭ პეპას უყურებენ, გავლენის მოხდენა ადვილია, ამიტომ ერთი და იმავე სქესის წყვილის არგამოჩენა სერიალში მათ ასწავლის, რომ მხოლოდ მარტოხელა ან სხვადასხვა სქესის მშობლების ყოლაა ნორმალური", — წერია პეტიციაში, — "გოჭი პეპა ხომ მხოლოდ გასართობი ანიმაცია არაა, ბავშვები მისგან სწავლობენ კიდეც".

თუმცა, ეჭვგარეშეა, აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც მოჰყვება პროტესტი. ბოლო პერიოდში ბავშვებზე გათვლილ შოუებში ლგბტქ ადამიანების რეპრეზენტაციამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და ზოგან მსგავსი გადაცემები და ფილმები აიკრძალა კიდეც. ეგ კი არა, რამდენიმე თვის წინ, საუდის არაბეთში, სათამაშოები ცისარტყელას ფერებში მაღაზიებიდან ამოიღეს.