ბუკინგემის სასახლემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დედოფალი ელიზაბეთის ექიმებს მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა აფიქრებს, რის გამოც იგი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

"ამ დილით, საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააფიქრა და მას სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა ურჩიეს", — წერია სასახლის გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დედოფალი ელიზაბეთი ამ დროისთვის ბალმორალის ციხესიმაგრეში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა, როცა მონარქს შეხვედრის გაუქმება მოუწია, ექიმებმა კი მას მოსვენება ურჩიეს.

ბალმორალის ციხესიმაგრეში იმყოფება ელიზაბეთის შვილი, პრინცი ჩარლზიც. დედოფლის ადგილსამყოფლისკენ მიემგზავრება პრინცი უილიამი.

ბრიტანეთის მონარქის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს თემთა პალატის თავჯდომარემ და ქვეყნის ახალდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმაც.

დედოფალი ელიზაბეთისა და ლიზ თრასის შეხვედრა

ფოტო: EPA

კვირების შემდეგ დედოფალი ელიზაბეთი პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა რეზიდენციაში ყოფილ და ახალდანიშნულ პრემიერებს უმასპინძლა. შეხვედრებიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა, რომ 96 წლის მონარქი გადაადგილებისთვის ყავარჯენს იყენებს.