ტურიზმი თუ მიგრაცია? — ასე ქვია IDFI-ის ანგარიშს, რომელშიც 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დარჩენის მაჩვენებლებია წარმოდგენილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ათასობით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე შემოვიდა, განსაკუთრებით მათი სიმრავლე შესამჩნევი იყო ტურისტულ ზონებში — ისინი ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ, სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, პოლიტიკური დევნისგან დასაღწევად, დასასვენებლად.

  • ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შემოსული მოქალაქეების რაოდენობა არ აღემატება იმ მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიამდე იყო.
  • ამის მიუხედავად, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შემაშფოთებლად მიიჩნევს იმას, რომ რუსების რიცხვი უკონტროლოდ იზრდება, ისინი ირეგისტრირებენ ქონებასა და ბიზნესს, იღებენ საქართველოს მოქალაქეობას.

რა გავიგეთ ანგარიშიდან: 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე — ეს მონაცემები შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობით არის დათვლილი.

  • ჯამში, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა 64 742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე.
  • ორგანიზაციის განმარტებით, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა 16 476-ით მეტი რუსეთის და 11 531-ით მეტი ბელარუსის მოქალაქე.

ფოტო: IDFI

დეტალები: 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის — 42 577, უკრაინის — 15 585 და ბელარუსის — 10 554 მოქალაქეს.

  • ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებით, განსაზღვრულია იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წლის ვადით ყოფნა შეუძლიათ.
  • მათ შორის, არის რუსეთის მოქალაქეებიც. შესაბამისად, ხსენებულ პირებს ერთ თვეზე მეტი ვადით გაჩერებით რაიმე სახის სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევიათ.
  • ამასთან, ორგანიზაციისთვის უცნობია 1 თვეზე მეტი ვადით დარჩენილ რუსეთის მოქალაქეებს შორის რამდენი არის წარმოშობით საქართველოდან.

IDFI-ის განცხადებით, სამინისტროდან ყოველთვიურად ითხოვს 2019-2022 წლების შესაბამისი პერიოდების დეტალურ სტატისტიკურ ინფორმაციას.

  • მათივე თქმით, სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
  • "შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლები შესაძლებელია არ იძლეოდეს რეალურ სურათს არსებული გამოწვევების შესახებ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოწვევები: 2022 წლის ამავე პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის — 3 036 , უკრაინის — 135, ხოლო ბელარუსის 41 მოქალაქეს.

  • ორგანიზაციის განმარტებით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების 1%-ს ეთქვა უარი, უკრაინის მოქალაქეების 0,18%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს;
  • მათვე თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად, ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს, ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს.
  • IDFI განმარტავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები მნიშნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.
  • "აღნიშნულ ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას", — აცხადებს ორგანიზაცია.