სოფელ ქვემო ოროზმანში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიწის, მთების, გზებისა თუ უგზოობის გავლის შემდეგ, გზისპირას ერთ უჩვეულო და გადახურულ ადგილს შეხვდებით. ეს ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლია, რომლის შესწავლაც ჯერ სულ რაღაც 20 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. აქ გათხრები 2021 წელს დაიწყო. თუმცა, ამ მიწის ძალიან მცირე მონაკვეთზე და ასევე, დროის მოკლე მონაკვეთში აქ უკვე აღმოჩენილია ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარღები და არაერთი გადაშენებული სახეობის ნაშთი. მათ შორის, ხმალკბილა ვეფხვის, ეტრუსკული მგლის, დმანისიბოსის (დიდი ხარი), ანტილოპის, სპილოს, აფთრის, ირმის და სხვათა ბიოლოგიური ნიმუშები. 2022 წლის გათხრებმა კი ამ ჩამონათვალს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შესძინა — თვით უძველესი ადამიანის ნაშთი.

ეს ფუფუნებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ამ თარიღის ძეგლს არ აქვს... როგორც ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, გიორგი ბიძინაშვილი მიყვება, ოროზმანის ძეგლი ჰექტრებზე შეიძლება იყოს გადაჭიმული, მიწის ის პატარა მონაკვეთი კი, რომელზეც ამჟამად გათხრები მიმდინარეობს, გვიქმნის წარმოდგენას ძეგლის უდიდესი პოტენციალის შესახებ. და დიახ, ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა თუ შეგვიძლია იმის, თუ რა გველოდება ოროზმანის მიწაში, უფრო ღრმად და უფრო ფართოდ.

იხილეთ 2021 წლის ოროზმანის აღმოჩენებზე მომზადებული სტატია — უძველესი ადამიანის კვალზე — საქართველოში 1.8 მილიონი წლის კიდევ ერთი ძეგლი აღმოაჩინეს და ვიდეო.

ოროზმანში ნაპოვნი 1.8 მილიონი წლის ჰომოს კბილი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

"ეს აღმოჩენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება არქეოლოგიურ ძეგლზე მოხდეს — პირდაპირ ადამიანის ნაშთი ვიპოვეთ, კბილის სახით — ქვედა ყბის მეოთხე პრემორალი. პირველადი შეხედვით რაც ჩანს, ზრდასრული ინდივიდია და სქესის და ა.შ. განსაზღვრა ჯერ ძნელია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, პალეოანთროპოლოგებთან ერთად, ეს არის ნამდვილად არქაული ადამიანის ქვედა ყბის კბილი. სავარაუდოდ, ჰომო ერექტუსია, ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დმანისიდან 20 კილომეტრში ვიმყოფებით, იმას, თუ რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე, მაინც ფრთხილად ვუდგებით. ჰომოს სახეობაა, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსია. თუმცა ამას დანამდვილებით ანთროპოლოგიული კვლევა გვაჩვენებს", — ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

რა დრო დასჭირდება ანთროპოლოგიურ კვლევას და მეთოდი რა არის, რომლითაც ადგენენ თუნდაც სქესს, ასაკს, სახეობას და ა.შ?

კბილზე დაყრდნობით სქესის გაგება გაჭირდება, თუმცა თანამედროვე ქალებსა და კაცებში (ჰომო საპიენსებში) ქალის კბილები ბევრად დახვეწილია და ზომებშია ოდნავ განსხვავება. თუმცა, კბილი სქესის განსასაზღვრად რთულად გამოიყენება. უმეტესად მენჯი და თავის ქალა და სხვა ნაწილებია ხოლმე გამოსადეგი სქესის განსასაზღვრად. თუმცა სახეობის გარკვევა, ეს ჰომო ერექტუსია თუ რა არის, ბევრად მარტივია. აღსანიშნავია, რომ აქამდე დმანისში ნაპოვნი ერექტუსებიც განსხვავდებიან აგებულებით, ანუ განმასხვავებელი ნიშნები აქვთ აფრიკული ერექტუსებისაგან. ჩვენსას ძალიან არქაული ნიშნები აქვს, როგორც ჰომო ჰაბილისის, ისე ერექტუსის ნიშნებს ატარებს. სავარაუდოდ, აქაც მსგავს ამბავთან გვექნება საქმე. თუმცა, ესეც კვლევის საგანია, ამიტომ არ არის სერიოზული, ამაზე ჯერ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ.

ოროზმანი დმანისის თანადროული ძეგლია, ერთნაირი თარიღებია, ფაუნაც ერთნაირია. ახალი აღმოჩენები გვაქვს ფაუნაში და ვფიქრობ, ძალიან დიდ ყურადღებას მიიპყრობს ეს აღმოჩენა როგორც მეცნიერებში, ისე მოსახლეობაშიც. ლაპარაკია მთლიანად შენარჩუნებულ განამარხებულ მგელზე. 2022 წელს ეტრუსკული მგელი ვიპოვეთ, რომელიც დმანისშიც აღმოჩენილია. თუმცა ასე შემონახული, მთლიანად არ შეგვხვედრია. მე პირადად, 20 წელია ვმუშაობ არქეოლოგიაში და ასეთი არაფერი შემხვედრია — ასე სრულად შენარჩუნებული ჩონჩხი მგლისა. ძალიან კარგი ახალი ძვლები წამოვიდა, სხვადასხვა ცხოველთა სახეობების და ამაზეც ეტაპოვბრივად ვისაუბრებთ.

1.8 მილიონი წლის წინ მცხოვრები ეტრუსკული მგლის სრულად შენარჩუნებული ჩონჩხი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს რაც შეეხება, 2022 წლის გათხრებისას, დააღრმავეთ ძეგლი თუ გააფართოვეთ ტერიტორიულად?

ჯერჯერობით, დაღრმავება მიდის ადრე დაწყებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ჯერ რაც გვაქვს გადახურული და გამზადებული არ არის დიდი ტერიტორია, ჯერჯერობით მას ვითვისებთ. თუმცა, პოტენციალი უზარმაზარია. ველოდებით დამატებით დახმარებას ჩვენი პარტნიორებისა და სპონსორებისგან, რომ მოვემზადოთ მომავალი სეზონებისთვის, უფრო გავზარდოთ სამუშაო ტერიტორია. რადგან უდავოა, რომ ძეგლი არის უაღრესად საინტერესო. მსოფლიოს მასშტაბით. ჯერ იქნება აფრიკა, შემდეგ დმანისი-ოროზმანი ერთად და შემდეგ დანარჩენი სამყარო. ასე რომ, ოროზმანს ახლა უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან.

არამეცნიერულადაც რომ შევხედოთ, ის, რომ მიწის ასეთ პატარა მონაკვეთზე ამდენი ნაშთია ნაპოვნი, მათ შორის ადამიანისაც, ნამდვილად დიდ პოტენციალზე მიანიშნებს...

ნამდვილად, ნამდვილად. ასე ხდება უდიდესი გარდატეხა მეცნიერებაში. საქართველო, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო დმანისით, მაგრამ ოროზმანის აღმოჩენით, ფაქტობრივად, როგორც ოლდუვაის ხეობაშია პალეო ტბის გარშემო უამრავი ძეგლი მიმოფანტული, საქართველოშიც რაღაც ასეთთან გვაქვს საქმე. აქ ცალკე ცენტრი არის ერექტუსების დასახლების, ანუ უძველესი ადამიანების დასახლების, რომლებიც აფრიკიდან ევრაზიაში გადმოვიდნენ და როგორც ჩანს, მოერგნენ ამ ტერიტორიაზე არსებულ გარემო-პირობებს. იყო ტბები, იყო მათთვის სასურველი საკვები, შესაბამისად, მათ გამრავლებას შეუწყო ამან ხელი და აითვისეს დიდი ტერიტორიები. თუნდაც ამ ორი წერტილით — დმანისითა და ოროზმანით, რომელთა შორის საკმაო მანძილია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დიდი ოკუპაცია იყო ამ ტერიტორიის, ჰომინიდების მიერ. ეს მეცნიერებისთვის ბევრ რამეს ცვლის. კიდევ მეტ ყურადღებას მიიპყრობს ამ აღმოჩენის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მეცნიერების თვალში, ეს ყველაფერი კი ეკონომიკასაც შეუწყობს ხელს, რადგან უკვე ტურიზმიც გაიზრდება აღნიშნულ ტერიტორიაზე. ქალაქი დმანისის ტერიტორიაც ძალიან სასურველი გახდება.

ოროზმანში ნაპოვნი 1.8 მილიონი წლის ჰომოს კბილი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

კონტექსტზე რას მეტყვით? რა კონტექსტზე საუბრის საშუალებას გვაძლევს ის აღმოჩენები, რომელიც ამ პატარა ადგილას გაკეთდა? ადრე ამბობდით, რომ ამ ადგილას შესაძლოა ერთგვარი საცავი ყოფილიყო, სადაც მაშინდელი უძველესი ადამიანი საკვებს, ანუ ცხოველთა ლეშებს ინახავდა.

კონტექსტზე გვაქვს ბევრი სამუშაო. აქამდე ეს იდეა გაგვიჩნდა იმის გამო, რომ სულ მთლიან ფეხებს ვპოულობდით მცოხნელებისა. ბარკლებს, ასე ვთქვათ, რომელიც ადვილად იჭრება, ადვილად შეიძლება მისი მოშორება ცხოველის სხვა ნაწილისგან. ტრანსპორტირებაც შესაძლებელია და დიდი ხორცის ნაჭერიცაა. ძალიან ბევრია მართლაც ასე განამარხებული მთლიანობაში. თუმცა, მტაცებლებიც არის, იქ მთლიანი მგლის ჩონჩხი და ჰომოთერიუმის, ხმალკბილა ვეფხვის ნაწილიც იყო. რაღაც ძალიან საინტერესოსთან გვაქვს საქმე. სწრაფი განამარხება არის, მოკლული თუ მკვდარი ცხოველებისა. თუმცა ეს კვლევის საგანია და დაზუსტებული პასუხი ამაზე მაშინ გვექნება, როცა დიდი ტერიტორიები გვექნება გათხრილი. თუმცა, ფაქტია, რომ არის აკუმულაცია არანორმალურად დიდი შესახსრებაში მყოფი ცხოველებისა, მათთან ერთად ირმის ყბა იყო, იმის ქვეშ იყო ადამიანის იზოლირებული კბილი. ჩვენს ეს ტერიტორია შესასწავლი გვაქვს, ამ წუთას გაჩერებული ვართ, ამ კბილის ამოღების შემდეგ ბევრი ძვლები გვაქვს გამოჩენილი. როდესაც ავალაგებთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ისევ შესწავლას. არ არის გამორიცხული, ადამიანების სხვა ნაწილებიც ვიპოვოთ. თუმცა, ასევე არ არის გამორიცხული, რომ არ ვიპოვოთ. ეს იყო ახლოს კიდესთან, ამ პროფილის არსებობის განმავლობაში, მისი რაღაც ნაწილი შეიძლება ჩამოირეცხა კიდეც. თუმცა, სანახავია, ყველაფერი წინ არის. ჩვენთვის სიურპრიზი იყო. მეორე წელს ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ჰომოს ნაშთს აღმოვაჩენდით. ათწლეულებია ხოლმე საჭირო, რომ ადამიანს მიაგნო. მით უმეტეს, ასე უძველესს და გაგვიმართლა.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ძეგლის უნიკალურობას, ასეთ პატარა მონაკვეთზე, ასევე დროის მცირე მონაკვეთში მოხდა ადამიანის ნაშთის აღმოჩენა...

დიახ, ჩვენ ხომ ამ ძეგლის, არ ვიცი, ალბათ, 0.01% გვაქვს შესწავლილი. ძეგლი, სავარაუდოდ, ჰექტრებზე გრძელდება. მინიშნებები გვაქვს ამისთვის და როდესაც გვექნება სრული პასუხი, ამასაც დავწერთ და გამოვაცხადებთ. და ამ პატარა მონაკვეთზე რომ დაგემთხვევა ადამიანი, განგებასაც უნდა დავაბრალოთ და წარმატებასაც და სავარაუდოდ იმასაც, რომ შეიძლება, დმანისივით ძალიან ბევრი ადამიანი იყოს აქაც განამარხებული. შესაბამისად, პროცენტულობა ძვლებისა მაღალი არის.

თან როცა განამარხება ასე სწრაფად არის მომხდარი, შესაძლოა, რომ უფრო კარგად იყოს შემონახული...

დიახ, ქვედა ფენებში უფრო. ზედა ფენები დაზიანებულია ხეების ფესვებისგან და ა.შ. სადაც უკვე ადამიანი ვიპოვეთ და იმის ქვეშ ყველაფერი არის მოსალოდნელი ოროზმანში. აღარ გაგვიკვირდება, ძალიან ბევრ სიურპრიზს გვპირდება ოროზმანი. საქართველოს პირველ რიგში, ქართულ მეცნიერებას და შემდეგში საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციას და თანამშრომლობას უკვე შემდგომში კოლეგებთან. ეს დმანისის გამო უკვე დაწყებული გვაქვს, მაგრამ ოროზმანი არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ მოაბრუნოს ჩვენკენ ეს სამეცნიერო სამყარო და ახალი ინტერესით, გაცხოველებული ინტერესით დაიწყონ მუშაობა ჩვენთან ერთად, ჩვენს ძეგლებზე.

ოროზმანში აღმოჩენილი ჰომოს კბილი

ფოტო: კადრი Publika-ს Live ვიდეოდან

თქვენ გქონდათ საველე არქეოლოგიური სკოლა, როგორც მახსოვს და წელსაც გყავდათ ნაკადი...

დიახ, იყო პირველი სეზონი და ახლა მეორე მიდის. გვყავდა უამრავი სტუდენტი ძალიან ბევრი ქვეყნიდან. მათ შორის თურქეთიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან ოქსფორდის სტუდენტი და ნელ-ნელა, კონკურენცია გაიზრდება აქ მოსახვედრად. არ იქნება ადვილი უკვე ოროზმანში მოხვედრა. თავის პოპულარობას ძეგლმა უკვე მეორე წელს მიაღწია. სკოლის არსებობა კი გვეხმარება ჩვენი იდეების რეალიზებაში.

რეკონსტრუქცია რომ შევძლოთ ჰომოს ნაშთის პოვნის მომენტის, რა ხდებოდა გარშემო და ვინ აღმოაჩინა ჰომოს კბილი? ხომ არ იყო ეს ოროზმანის საველე არქეოლოგიური სკოლის უცხოელი სტუდენტი?

კი, ერთ-ერთი ბრიტანელი სტუდენტი იყო, რომელმაც აღმოაჩინა. თავის კვადრატში მუშაობდა, იქ იპოვა, პირველივე წუთზე დაუძახა ნიკა ვანიშვილს, მე ამ დროს ვიყავი ექსპედიციისთვის საყიდლებზე გასული, ძალიან ცხელოდა და გრილი წვენები უნდა მომეტანა. ამ დროს ნიკა ვანიშვილი გაშეშდა, გაშეშება დაემართა, როგორც ადრე, ამ ადგილას სულ პირველად, ჰომოთერიუმის კბილის პოვნის დროს. მერე დაუძახა გიორგი კოპალიანს, ჩვენს კოლეგას და უკვე ერთმანეთს დაუდასტურეს, რომ ადამიანის ნაშთი იპოვეს და დამირეკეს, მეც გამოვვარდი, ძალიან დიდი დღესასწაული გვქონდა. შამპანიურიც გავხსენით და გავწუწეთ ის ბიჭი შამპანიურით და თვითონაც გაოგნებული იყო, სულ 4 დღის ჩამოსული იყო იმ დროს საველე სკოლაში და უცბად ადამიანის ნაშთი იპოვა.

საოცარია. რამდენი პროცენტი იყო ამის შანსი, რომ 4 დღის ჩამოსულ ახალბედა არქეოლოგს/სტუდენტს 1.8 მილიონი წლის ჰომოს ნაშთი ეპოვა...

ეგ ხომ არ ვიცით... არქეოლოგია ხომ სიურპრიზების მეცნიერებაა. ჩვენ რომ ვიცოდეთ რას ვიპოვით მიწაში, არც გავთხრით. სიურპრიზებს რომ ვპოულობთ ეგ გვსიამოვნებს.

დათარიღებას რაც შეეხება, ვიცი რომ ეს ძეგლი, როგორც დმანისი, არგონ-არგონის მეთოდითაა დათარიღებული...

დიახ, მაშინ ეს არგონ-არგონით ფრანგებმა დაათარიღეს და ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, უფრო შევამჭიდროვოთ ეს თარიღები, ვულკანური ფერფლი გვაქვს როგორც არქეოლოგიური ფენის ქვეშ, ასევე არქეოლოგიური ფენის თავზე და ორივე ვულკანურ ფერფლს თუ დავათარიღებთ, უკვე მივიღებთ ძალიან ახლო თარიღებს, სადღაც 10 000-წლიანი ინტერვალით. ეს უკვე ბევრ რამეს შეცვლის, ჩვენ ამას ვგეგმავთ, თუმცა ამას სჭირდება ფინანსური მობილიზება.

გათხრები ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ოროზმანის გათხრების რესურსზე რომ გვითხრათ, ვინ გიჭერდათ მხარს და იყო თუ არა მთავარი ფაქტორი ოროზმანის არქეოლოგიური სკოლიდან მიღებული შემოსავალი?

რა თქმა უნდა, ოროზმანის არქეოლოგიური სკოლა და ასევე, სპონსორები. პირველი დახმარება GPI-იმ გაგვიწია, ასევე Socar-მა და Gulf-მა, ტაო დაგვემატა, რომელიც თავისი ბრენდის პროდუქციით გვასაჩუქრებს, ასევე თეგეტასთან მიდის მოლაპარაკებები, რომ დაგვეხმაროს ძეგლის გარშემო გასუფთავებაში, ნაყარი მიწა რომ არის და ბეტონის ნაგებობა, ამის დანგრევაში, რომ მუშაობა უფრო ფართო არეალზე შევძლოთ. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკი, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ძეგლი გადაგვიხურა.

ისევ ამ არტეფაქტს რომ მივუბრუნდეთ ­— ადამიანის ნაშთს. რა ინტერპრეტაციის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ეს კონკრეტული აღმოჩენა. რისი თქმის საშუალებას გვაძლევს? რას ცვლის ზოგადად? რა ვიცოდით ამ კბილის აღმოჩენამდე და რა ვიცით ახლა?

ვინაიდან ოროზმანი არქეოლოგიური ძეგლია და არა პალეონტოლოგიური, რადგან აქ ნაპოვნია ადამიანის იარაღები, ანუ ადამიანის აქტივობის კვალი, კითხვა არ არსებობდა ამ ძეგლზე ადამიანის აქტივობის შესახებ. თუმცა, ამ კბილმა უკვე გვაჩვენა, რომ აქ თვითონ ადამიანის ნაშთები გვაქვს. ეს როგორც არქეოლოგიური თვალსაზრისით, ასევე პალეოანთროპოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გაზარდა ამ ადამიანის ნაშთმა ძეგლის ღირებულება, ფაქტობრივად, დმანისის ძმა ან ბიძაშვილი ძეგლია, ისევ ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა სამეცნიერო შესწავლისა. მხოლოდ ერთ კბილზე უამრავი ანალიზი შეიძლება გაკეთდეს და დიდი შედეგები შეგვიძლია მივიღოთ. მაგალითად, შეიძლება დიეტა შევისწავლოთ, რითი იკვებებოდნენ, როგორ იკვებებოდნენ. მეტი წილი იყო მცენარეული საკვები თუ ხორცეული. მაგალითად, დმანისის შემთხვევაში, ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერის, ანი მარგველაშვილის მეშვეობით დავადგინეთ, რომ კბილების საჩიჩქნად ხის ჩხირებს იყენებდნენ 1.8 მილიონი წლის წინ მცხოვრები ჰომო ერექტუსები, ეტყობა ხორცი რომ გაეჩხირებოდათ. ეს ერთ-ერთი პირველი დადასტურებაა ადრეული ადამიანის მიერ კბილის ჩხირების გამოყენებისა, რადგან იმდენს იჩხიკინებდნენ ამ ჩხირებს, რომ ნაკაწრები აქვთ გაჩენილი. ვნახოთ, ჩვენს შემთხვევაში როგორ არის, ზედა კბილებზე უფრო ხშირადაა ხოლმე, ყოველ წელს ახალი მეთოდი შემოდის შესწავლისა, შესაბამისად...

მსოფლიოს დონეზე რას ცვლის ეს აღმოჩენა? ოროზმანმა უკვე შეცვალა ის, რომ გავიგეთ, რომ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ფართოდ იყვნენ განსახლებულები უძველესი ადამიანები...

ახლა ოროზმანში ადამიანის ნაშთის აღმოჩენა უკვე ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ეს უკვე ანთროპოლოგიის, პალეოანთროპოლოგიის შესწავლის საშუალებას. არის არქეოლოგიური ძეგლები, რომელთაც დათარიღებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, თუმცა, იქ ადამიანის ნაშთი არ აქვთ. აქ ესეც არის. ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგაში ვართ, რაც უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი გათხრები არ განსხვავდება ჩენი ამერიკელი კოლეგების გათხრებისგან. ჩვენი მეთოდოლოგია იდენტურია, ჩვენ ვიღებთ საუკეთესოს მათგან. შესაბამისად, იმედიც გვაქვს, რომ ჩვენი პუბლიკაციები, რომელიც მალე გამოვა, იქნება ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის.

ამ ეტაპზე, რა საჭიროებები და გამოწვევები აქვს ოროზმანის გუნდს. რა არის საჭირო მათ გადასალახად?

გვჭირდება ავტომობილი 4-4-ზე, გვაქვს დაზვერილი ძალიან ბევრი სავარაუდო ძეგლი, სადაც არის ძნელი მისასვლელი და მაღალი გამავლობის ავტომობილის გარეშე ეს შეუძლებელია. ამიტომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა, მნიშვნელოვანია გაწმენდა, რაზეც მოლაპარაკებები გვაქვს თეგეტასთან, რათა გავზარდოთ არქეოლოგიური გათხრების არეალი. ეს ძეგლი ნამდვილად იმსახურებს ამას. ძალიან ბევრი საჭიროებაა, ცალკე დათარიღებებში გვჭირდება ფინანსური დახმარება, ხოლო დათარიღების გარდა უამრავი ანალიზი გვაქვს გასაკეთებელი. მაგალითად, ქანების შესწავლა გეოლოგებთან ერთად, სკანირებები და ა.შ. საჭიროება ძალიან ბევრია, მაგრამ პირველ რიგში ძალიან გვჭირდება თუნდაც ძველი, მაგრამ კარგი გამავლობის მანქანა.

ოროზმანის გათხრები

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილ

დმანისისა და ოროზმანის გარდა სხვა ახლომდებარე ძეგლების აღმოსაჩენად?

დიახ. გვაქვს ფაქტობრივად ძალიან საინტერესო მონაცემები და ვერ მივდივართ, არ გვყავს ძლიერი მანქანა და ფეხით შეუძლებელია. გვჭირდება, რომ მივიდეთ ამ ადგილებში და გავაკეთოთ საცდელი ჭრილები, როგორც თავის დროზე ოროზმანის შემთხვევაში გავაკეთეთ, რომ დავრწმუნდეთ მათ პოტენციალში. ამის შემდეგ კი ძალიან დიდი ოცნება მაქვს, რომ ოროზმანის გარდა გარშემო სხვა ძეგლებიც იყოს და იქაც მუშაობდეს ჩვენი გუნდი და რეგიონის მულტიდისციპლინარული შესწავლა მიდიოდეს. ამ რეგიონის პოტენციალი აღმოჩენილი იყო დმანისის დროს, მაგრამ ოროზმანმა ერთიორად გაზარდა და თუ არის ეს ორი, შეიძლება იყოს დამატებით სხვა ძეგლებიც, რისი იმედიც გვაქვს. კანით ვგრძნობთ ამას...

ეს, ალბათ, არქეოლოგიური ალღოა, რომელმაც გაპოვნინათ ოროზმანის ძეგლი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამისთვის გქონდათ სპეციფიკური ცოდნა, მათ შორის გეოლოგიის კუთხით, რომელიც რეალურად, გიჩვენებდათ და გიჩვენებთ გზას ამ ძეგლებისკენ...

დიახ, არის ეს ერთგვარი ინტუიციაც. წინა სეზონზე, მაგალითად, ნიკა ვანიშვილი მეუბნებოდა, რომ მომავალ სეზონზე ადამიანს ვიპოვიდით, მეც ვირწმუნე მისი და მართლაც, ბუნებამაც არ დაგვაღალატა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გეოლოგიისა და არქეოლოგიის ცოდნა, ასევე პალეონტოლოგია, რადგან თუ არ განვსაზღვრეთ რა სახეობაა, ძვლებს კი ვიპოვით, მაგრამ იქნებ სხვა პერიოდისა იყოს. საერთო ჯამში, ეს არის დისციპლინების ნაზავი და აქ ყველა პროფესიის წარმომადგენლის საქმე უნდა იყოს მაღალ დონეზე შესრულებული, რომ შედეგი მოგცეს. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამან იმუშავა და მე მგონი, კარგი გუნდი ვართ.


დმანისიდან 20 კილომეტრში, 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ძეგლზე უძველესი ადამიანის ნაშთის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა. დრო და ამ დროის განმავლობაში ჩასატარებელი უამრავი ანალიზი და კვლევა გვიჩვენებს, თუ რას გვიყვება ოროზმანში ნაპოვნი ჰომოს კბილი. მანამდე კი, თუ ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის გუნდის კომპეტენტურობასა და აღმოჩენათა შორის არსებულ მცირე ინტერვალებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ოროზმანის მიწამ უახლოეს მომავალში კიდევ უამრავი რამე მოგვიყვეს ჩვენ და მოუყვეს მსოფლიოს.