წვიმის, ღრუბლებისა და "დაბნელების" მიუხედავად, 1970-იანი წლების ამერიკული როკ-ჯგუფის შოუს ცოცხლად სანახავად, მსმენელმა, ბლექ სი არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, შეკრება ადრიანად დაიწყო.

წვიმამ მალე გადაიღო, თუმცა ისინი, ვისაც საქართველოს რკინიგზისგან უფასო, ფერადი საწვიმარები არ შეხვდათ, ანალოგიურს 10 ლარად, ადგილზე, ყიდულობდნენ.

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

Aerosmith-ის ბილეთები 25 თებერვალს, ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, სრულად გაიყიდა, თუმცა, კონცერტის მოახლოების დღეს, ქართული ინტერნეტი "ზედმეტი ბილეთების" გაყიდვით დაინტერესებულ პირთა პოსტებით აჭრელდა.

უამრავი ფანი ბილეთის გარეშე დარჩა, თუმცა, ზოგისთვის აეროსმიტის ბოლო მსოფლიო ტურნეზე დასწრება შეუფასებელი იყო. სტივენ ტაილერის ბენდის კონცერტზე ჩასული მსმენელის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობდა, რომ, 50 და 70 ლარიანი ბილეთი 150 და უფრო მაღალ ფასად შეიძინეს.

20 მაისს, ბილეთები იყიდებოდა ბლექ სი არენას მიმდებარე ტერიტორიაზეც. ქართულად მოსაუბრე ქალი და კაცი, რომლებიც ადგილზე აეროსმიტის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდნენ, On.ge-ს სომხეთიდან ჩამოსულ ცოლ-ქმრად გაეცნო. მათ გვითხრეს, რომ გადამყიდველები არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ 200 ლარიანი ბილეთი 100 დოლარად გაყიდეს.

ფოტო: On.ge

როგორც მათ On.ge-ს უთხრეს, რამდენიმე ადამიანი აპირებდა კონცერტზე მათთან ერთად დასწრებას, თუმცა მათ საქართველოში ჩამოსვლა მოგვიანებით გადაიფიქრეს და ამიტომ მოუწიათ ბილეთების გაყიდვა.

როგორც აზერბაიჯანელმა ტურისტმა გვითხრა, აღნიშნული პირისგან ერთი ბილეთი 100$-ად იყიდა. იგივე პირისგან, 200 ლარად იყიდა ბილეთი ადგილობრივმა გივი ჩხაიძემ.

"ჩემი საყვარელი როკ-ჯგუფი არ არის, თუმცა ათეულში შედიან. ჩემი ასაკის ხალხია და მოვედი მოსასმენად" - გვითხრა გივიმ.

იყვნენ კონცერტზე მარტო ჩამოსულებიც. მაგალითად ანა ძებისაშვილი, რომელიც თავის სამეგობროში ერთადერთი იყო, რომელმაც 25 თებერვალს მოასწრო ბილეთის შეძენა:

"ბილეთები tkt.ge-დან ვიყიდე. მთელი სამეგობრო ვაპირებდით, მაგრამ მარტო მე მოვასწარი ყიდვა და კონცერტზე მარტო მოვედი. დღეს ჩამოვედი და დღესვე უკან ვბრუნდები თბილისში, მიღირს ყველანაირად, ეს ხომ მათი [აეროსმიტის] ბოლო ტურნეა".

ანა ძებისაშვილი. Aerosmith-ის მსმენელი.

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

ანას მოლოდინები კონცერტის შესახებ მაღალი იყო, ის კმაყოფილი იყო ჯგუფის მიერ შერჩეული ტრეკ-ლისტითაც:

"ძალიან დიდი ხანია ველოდები, არც მეგონა საქართველოში ასეთი მაგარი ბენდი თუ ჩამოვიდოდა, მაგრამ 2 წლის წინანდელი Open Air-ის მერე დიდად აღარ მიკვირს. თუ სკორპიონსი, მიუხედავად თავისი ასაკისა, ესეთი კარგი იყო, წარმომიდგენია აეროსმიტი როგორი იქნება. თვითონ სტივ ტაილერი ვიცი რომ ძალიან, ძალიან მაგარი ტიპია და დარწმუნებული ვარ, რომ ძაან მაგარ შოუს დადგამს, ადამ ლევინისგან განსხვავებით. ძალიან ველოდები და მთელი ბავშვობაა ვუსმენ.

მინდოდა Pink ემღერა, მაგრამ სამაგიეროდ Cryin'-ს და Dream On-ს იმღერებს. ყველაფერი ვერ აგიხდება. მთავარია, რომ სიიდან ბევრი სიმღერა ვიცი".

ბლექ სი არენას წინ მისული მსმენელის რიგები 5 საათისთვის უკვე სწრაფად იზრდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მსმენელი არ იყო სრულად ინფორმირებული, ან მომზადებული, რომელ შესასვლელთან უნდა მოეცადათ. რიგები არათანაბრად იყო დაკავებული, სწორედ ამიტომ, 7 საათზე, როდესაც ჭიშკარი საბოლოოდ გაიღო, რამდენიმე რიგი უფრო სწრაფად დასრულდა, ვიდრე დანარჩენი.

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

ამას გარდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში მდგარმა მსმენელმა, რომელმაც ბილეთები Biletebi.ge-ზე შეიძინა, შესვლისას შეიტყო, რომ იმ მოსაცდელში მხოლოდ tkt.ge-ზე შეძენილი ბილეთების პატრონები უნდა მდგარიყვნენ და სხვა რიგში გადანაცვლება და ადგილის დაკავება მოუწიათ.

მსმენელთა რიგებმა ბლექ სი არენას მოსაცდელებში გადაინაცვლა, ადგილზე მათ 6 ლარად 2 ნაჭერი პურისგან გაკეთებული სენდვიჩების, ან ჩიფსის პატარა ყუთის შეძენა შეეძლოთ. ადგილზე ხელმისაწვდომი იყო 0,5 ლიტრი წყალი - 2 ლარად და სხვადასხვანაირი ალკოჰოლური სასმელი.

9 საათზე რიგში მდგარი მსმენელის პირველი ტალღის ლოდინი დასრულდა და მათ ბლექ სი არენას დარბაზში შეაღწიეს, ამ დროს ბენდს საუნდ-ჩექი უკვე გავლილი ჰქონდა.

Aerosmith-ის კონცერტი ბლექ სი არენაზე ზუსტად 22:12-ზე დაიწყო. ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, მსმენელი ლეგენდარულ როკ-ჯგუფს დიდი ოვაციებით შეხვდა.

69 წლის სტივენ ტაილერის, 66 წლის ჯო პერის, 65 წლის ტომ ჰამილტონის, 65 წლის ბრედ უიტფორდისა და 66 წლის ჯოუი კრამერის სიგიჟე და ენერგია პირველივე წუთებიდან გადაედო მსმენელს. როცა ტაილერი სცენაზე არ იწვა, მაშინ პერი გიტარას ზურგს უკან უკრავდა.

ერთ ხმაში ნამდვილად არა, თუმცა ტაილერთან ერთად მღეროდა მსმენელიც. თითქმის 2 საათიანი კონცერტის განმავლობაში, გოლდენ რინგის სივრცეში მყოფი მსმენელი შეუჩერებლივ მიყვებოდა იმას, რაც სცენაზე ხდებოდა, დასაჯდომ სივრცეში მყოფი მსმენელის დიდი ნაწილი კი, ბოლო სიმღერებს ფეხზე შეხვდა.

კონცერტის განმავლობაში სტივ ტაილერი მსმენელთან ჩავიდა და მათთან ერთად განაგრძო სიმღერა. დიდ ეკრანებზე მსმენელი მოულოდნელად საკუთარ თავს აღმოაჩენდა.

დაანონსებული 17 სიმღერიდან 15, ბენდმა შეუსვენებლად შეასრულა, Dude (Looks Like a Lady)-ის დასრულების შემდეგ, კი ჯგუფის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

ამ დროს სცენაზე თეთრი როიალი შემოიტანეს. ეკრანებზე ამერიკელი მუსიკოსის, კრის კორნელის სურათი გაეშვა, დარბაზში კი მისი სიმღერა ისმოდა. ცოტა ხანში სცენაზე Aerosmith დაბრუნდა. ტაილერმა თქვამ რომ სურდა Dream On კრის კორნელისთვის მიეძღვნა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ერთდროულად სევდიანი, ცეცხლოვანი და ძალიან ემოციური იყო ამერიკული სიმღერა ოცნებებზე. ტიროდა ტაილერი და მასთან ერთად მსმენელის ნაწილიც.

ბოლო სიმღერამ არენაზე კვლავ ენერგია დააბრუნა, მისი დასრულების შემდეგ კი ჯგუფი მსმენელს დაემშვიდობა და მომავალი შეხვედრის იმედი დაუტოვა, ამ დროს დარბაზში ფერადი ფურცლების წვიმა წამოვიდა.

@aerosmith ✨✨✨✨

A post shared by KATIE JGENNTI (@katiejgennti) on

ტაილერმა კონცერტის დასრულებისას მსმენელში თავისი ნივთი გადააგდო, თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც უცნობია ვინ გახდა მისი იღბლიანი მფლობელი.

როკ-ჯგუფმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. საქართველოში Aerosmith-ის კონცერტის გამართვა ბიუჯეტს 5,5 მილიონი ლარი დაუჯდა.