მსოფლიოს გავლენიანი მედიები, მათ შორის, Variety და The Hollywood Reporter წერენ, რომ ნეტფლიქსსა და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა მორიგებით დასრულდა. შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.

ნონა გაფრინდაშვილმა ნეტფლიქსის წინააღმდეგ დავა 2021 წლის სექტემბერში წამოიწყო. საქმე ნეტფლიქსის ცნობილ სერიალს, ლაზიერის გამბიტს ეხება, რომლის ბოლო ეპიზოდში ქართველი მოთამაშეა ნახსენები. ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესამება.

აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ნეტფლიქსმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. სასამართლოს განცხადებით, ის, რომ სერიალი გამოგონილ ისტორიას ეფუძნება, შემქმნელებს დეფამაციის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებთ, როცა დეფამაციის ყველა წინაპირობა არსებობს.

ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, Netflix-ის სერიალ ლაზიერის გამბიტში მის მცდარად წარმოჩენამ პროფესიული მიღწევები გააუფერულა, რამაც უდიდესი ტკივილი მიაყენა. მოჭადრაკე ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვდა.

ქართველი მოჭადრაკის სარჩელში კაცების წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული ასპარეზობა დეტალურადაა განხილული. სარჩელში ვკითხულობთ, რომ გაფრინდაშვილი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა კი მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.

"უტიფრად და გამიზნულად მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე, რათა სიუჟეტი იაფფასიანი და ცინიკური მიზნით გაედრამატულებინა, გამოგონილი გმირი კი ისე წარმოეჩინა, თითქოს მისი ნამოქმედარი არცერთ ქალს, მათ შორის არც გაფრინდაშვილს, არ განუხორციელებია. ამბავში, რომელსაც ახალგაზრდა ქალები კაცებთან მოპაექრე და უმაღლეს საჭადრაკო ტურნირებზე მოთამაშე ახალგაზრდა ქალით უნდა შთაეგონებინა, ნეტფლიქსმა დაამცირა ნამდვილი ქალი სენსაცია, რომელიც იმავე პერიოდში, მსოფლიო ასპარეზზე კაც მოთამაშეებს ხვდებოდა და ამარცხებდა კიდეც", — ვკითხულობთ ნონა გაფრინდაშვილის 25-გვერდიან სარჩელში.

ამავე თემაზე: