ვლადიმერ პუტინის დამტკიცებულ დოკუმენტს საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია ჰქვია და კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებს ეხება, თუმცა აქვე ნახსენებია, რომ ჰუმანიტარული პოლიტიკა მათი საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: "რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა" კრემლის ერთ-ერთი ყველაზე განმეორებადი არგუმენტია, რომლითაც სხვა ქვეყნებზე თავდასხმის და აგრესიული ქმედებების გამართლებას ცდილობს.

  • წლების განმავლობაში რუსულენოვანი მოსახლეობის და დიასპორის გასაძლიერებლად და პროპაგანდის გასავრცელებლად კრემლმა არაერთი ორგანიზაცია დააფუძნა, მათ შორის საქართველოშიც.
  • ახლა ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში მოხვედრილი რუსეთის ლიდერი ისევ ცდილობს, კულტურა, სპორტი და რუსული ენა იარაღად გამოიყენოს.

დეტალები: ეს კონცეფციაც კრემლის ნარატივითაა სავსე — განხილულია რუსული კულტურის უნიკალურობა და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე.

  • ნათქვამია, რომ სოციალურ-ჰუმანიტარული პოტენციალი აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში და კულტურა, სპორტი, მეცნიერება და ტურიზმი მიმართულია ურთიერთობების გამყარებაზე.
  • მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მის გამოყენებას არ უარყოფენ, ამავე დოკუმენტში რუსეთი მოითხოვს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკურმა სიტუაციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა ჰუმანიტარული სფეროს განვითარებაზე.
  • აქვე საუბარია "სლავურ ქვეყნებთან" ურთიერთობის განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაზე, რადგან მათ "საერთო კულტურულ-ისტორიული ტრადიციები" აქვთ.
  • ასევე, საზღვარგარეთ რუსული დიასპორის გააქტიურებაზე, რომელმაც რუსული კულტურის, სპორტის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი და უცხოეთში შექმნას "ობიექტური წარმოდგენა თანამედროვე რუსეთის ისტორიაზე".

რა წერია საქართველოზე: ნახსენებია, რომ პრიორიტეტული მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდების პოლიტიკის, სპორტის და ტურიზმის მიმართულებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.

  • ამ ჩამონათვალშია დსთ-ის ქვეყნები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა მოხსენიებული.
  • აქვე წერია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მოლდოვასა და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას საჭიროა გაითვალისწინონ ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
  • დაკონკრეტებული არ არის, დააკვირდება თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით ამ უფლებების დაცვის საკითხს.

სტრიქონებს შორის: დებულებები, რომელიც ამ დოკუმენტშია მოცემული, პუტინს დიდი ხნის წინ აქვს შემუშავებული — 2007 წელს მან ხელი მოაწერა რუსული სამყაროს ფონდის შექმნას, რომლის მიზნად ქვეყნის "ნაციონალური ღირსების", რუსული ენის პოპულარიზაცია დაასახელა.

  • გარდა ამისა, ფონდმა უნდა გაავრცელოს "ობიექტური" ინფორმაცია თანამედროვე რუსეთზე და ამის საფუძველზე შექმნას რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი საზოგადოებრივი აზრი.
  • ფონდი რუსული სამყაროს ნაწილად არა მხოლოდ რუსებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ხედავს, ვინც რუსულ ენაზე საუბრობს, დაინტერესებულია რუსეთით და "ადარდებს" ამ ქვეყნის მომავალი.