პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და კანონი თავდაპირველი რედაქციით მიიღო.

დეტალები: საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი უყარეს სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებს — მას მხოლოდ 20 მომხრე და 68 წინააღმდეგი ყავდა.

  • ამის შემდეგ კენჭისყრაზე გავიდა მოსმენების კანონის საწყისი რედაქცია, რომელსაც 79 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე ყავდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების ინიციირებით 7 ივნისს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.

  • პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო და აღნიშნა, რომ ცვლილებებს არ ეთანხმებოდა. ისაუბრა, რომ ეს იყო უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი და მაშინვე გამოთქვა მოლოდინი, რომ ვეტოს დაძლევდნენ.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება.
  • ვენეციის კომისიის მოსაზრებაში კი აღნიშნულია, რომ მოსმენების კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღეს და გადახედვას საჭიროებს.

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონპროექტი საჭიროებს გადახედვას, რათა წარმოდგენილი დებულებების საჭიროება და პროპორციულობა დაასაბუთოს.

  • კომისიის რეკომენდაციაა, რომ უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და გონივრული საკანონმდებლო პროცესის მიზნით, მოხდეს დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები.
  • კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მოითხოვს დასაბუთებას ისეთ საკითხზე, როგორიცაა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დანაშაულების სიის გაფართოება.