რუსეთის მთავრობამ აშშ-ის 25 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა, რომელთა შორის მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერიც მოხვდნენ. რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პერსონალური სანქციებით ქვეყანა იმ სანქციებს პასუხობს, რომლებიც აშშ-მ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს დაუწესა.

"ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის მუდმივი აკრძალვა დაუწესდა აშშ-ის კონგრესის წევრებს, მაღალჩინოსნებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და კულტურის მოღვაწეებს", — ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შონ პენი და ბენ სტილერი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დიდი ხანია, ღიად გამოხატავენ. ივნისში ბენ სტილერი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა და კიევის დასახლებებსაც ეწვია. შონ პენი კი უკრაინაში თებერვალში ჩავიდა, რათა რუსეთის შეჭრაზე დოკუმენტური ფილმი გადაეღო. "შონ პენი კიევში ჩავიდა, რათა ყველა ის მოვლენა ჩაეწერა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში ხდება და რუსეთის შემოჭრის შესახებ მსოფლიოსთვის სიმართლე ეთქვა", — ვკითხულობთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: Instagram

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლა მარკ ცუკერბერგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც აუკრძალა. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ადამიანთა სია ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.