ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ვერძის თანავარსკვლავედში მდებარე ჯუჯა უწესრიგო გალაქტიკა, სახელად NGC 1156 გადაიღო, რომელიც ჩვენგან 25 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

მას უცნაური სტრუქტურა აქვს, რადგან ფორმით, მაგალითად, არც სპირალურ გალაქტიკას ჰგავს და არც ელიფსურს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ქაოსურად გაბნეულ კაშკაშა რეგიონებს ვხედავთ, რომლებშიც ათასობით ვარსკვლავია განლაგებული, შუაგულთან ახლოს კი წითლად მოელვარე ხნიერი მნათობებია ნაჩვენები.

წითლად, ასევე, ის არეალები ანათებს, რომლებშიც ვარსკვლავები აქტიურად ფორმირდება. ისინი გალაქტიკას ენერგიით ავსებს, ხოლო მათგან გამოყოფილი იონიზებული წყალბადის აირი მსგავს შეფერილობას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ NGC 1156-ს სპირალური გალაქტიკებისთვის დამახასიათებელი ცენტრალური ნაწილი აქვს, სადაც უფრო ძველი, შედარებით მკრთალი, მნათობებია თავმოყრილი, თუმცა მას სპირალური შვერილები არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ობიექტი მკაფიო ფორმას მოკლებულია.

გარდა იმისა, რომ ის უწესრიგო გალაქტიკების ტიპს მიეკუთვნება, ასევე, იზოლირებულიცაა. ეს ნიშნავს, რომ NGC 1156-ის მახლობლად სხვა გალაქტიკა არ მოძრაობს, რომელთანაც გრავიტაციული ურთიერთქმედება მის უჩვეულო ფორმაზე ან ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესზე იქონიებდა გავლენას.

ჰაბლმა ახალი ფოტო პროგრამის Every Known Nearby Galaxy გარგლებში გადაიღო, რომლის მიზანიც გალაქტიკურ დაკვირვებებში არსებული ინფორმაციული სიცარიელეების ამოვსებაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.