აშშ და ჩინეთი, შესაძლოა, ერთმანეთს მთვარეზეც დაუპირისპირდნენ, თუ ორივე მათგანი გადაწყვეტს, რომ კოსმოსური ხომალდები მთვარის სამხრეთ პოლუსთან ერთსა და იმავე ადგილას დაუშვას.

SpaceNews-ის მიხედვით, NASA-მ და ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარის თავიანთი მისიებისთვის — არტემის 3, NASA-ს პირველი ეკიპაჟიანი მისია მთვარის ზედაპირზე და ჩინეთის Chang'e7-ის მარსმავლი — რამდენიმე საერთო დასაშვები მოედანი მონიშნეს. მათ შორისაა, Shackleton-ის, Haworth-ისა და Nobile-ის კრატერები.

ორივე სააგენტომ ამ ადგილებს უპირატესობა შემდეგი მიზეზების გამო მიანიჭა: შემაღლებული ადგილი, განათების კარგი პირობები და სიახლოვე იმ კრატერებთან, რომლებშიც წყლის ყინულები შეიძლება, იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ეს ორი ქვეყანა მთვარეზე დასაშვები ადგილების განაწილებას იმ მისიებისთვის, რომლებიც ძალიან მალე გაეშვება — 2025-ში (აშშ) და 2024-ში (ჩინეთი).

როგორც SpaceNews აცხადებს, როდესაც საქმე ჩინეთთან კოსმოსურ მოლაპარაკებამდე მიდის, აშშ ხელფეხშეკრულია "ვულფის შესწორებით", დოკუმენტით, რომელიც 2011 წელს მაშინდელმა წარმომადგენელმა ფრენკ ვულფმა მიიღო და რომელიც NASA-ს ყველა სფეროში ჩინეთთან ყველა ტიპის თანამშრომლობას უზღუდავს.

მიუხედავად იმისა, რომ ობამა და ტრამპი შეეცადნენ, კოსმოსზე ჩინეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, რეალური შედეგი არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა. ანგარიშის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ეტაპისთვის არ აპირებს ამ საკითხებზე რაიმე ტიპის მოლაპარაკების განახლებას.

"არაა გასაკვირი, რატომ უნდა ორივე ქვეყანას ერთი და იგივე ადგილი მთვარეზე", — თქვა კოსმოსური სამართლის პროფესორმა, ქრისტოფერ ნევმანმა. "ადგილობრივი რესურსების გამოსაყენებლად ეს შესანიშნავი უძრავი ქონებაა მთვარეზე".

"ეს შესაძლოა, იყოს დედამიწის მიღმა რესურსებისთვის პირველი პოტენციური კონფლიქტი", — დაამატა მან.

ნევმანი იმასაც აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ორ მხარეს ხელი აქვს მოწერილი კოსმოსური შეთანხმებისთვის, თეორიულად მაინც, "მათ კოსმოსური ხომალდები თუ სხვა ციური სხეულები მშვიდობიანი მიზნით უნდა გამოიყენონ".

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები", — აღნიშნა ნევმანმა. "ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მიაღწევს პირველი მთვარეზე".