ბეჭდების მბრძანებლის სამყაროს შესახებ გადაღებული ახალ სერიალის, The Lord of the Rings: Rings of Power-ის (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) პრემიერა უკვე შედგა. სერიალის პირველი და მეორე ეპიზოდი 25-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც Amazon Prime Video-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. როგორც სერიალის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, The Rings of Power-ის ახალი ეპიზოდები 240-ზე მეტი ქვეყნის მაყურებელმა ნახა.

"ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებმა, რომლებიც დღემდე პოპულარულია და ბევრი ფენტეზის ჟანრის წარმოშობასაც უკავშირებს, ამ საამაყო მომენტამდე მოგვიყვანა. დიდ მადლობას ვუხდი სერიალის შექმნაში ჩართულ ადამიანებსა და მსახიობებს მათი დაუღალავი შრომისა და უსაზღვრო შემოქმედებითი ენერგიისთვის. ის მილიონობით ადამიანი, რომელიც შოუს დიდი აღტაცებით უყურებს, ჩვენთვის წარმატების საზომია", — განაცხადა Amazon Studios-ის ხელმძღვანელმა, ჯენიფერ სალკემ.

შეგახსენებთ, რომ The Rings of Power-ის სიუჟეტი ჰობიტის ფილმებსა და ბეჭდების ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე საუკუნეებით ადრეულ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინის მითოლოგიას უკეთესად გაგვაცნობს და მის ზღაპრულ სამყაროს კიდევ უფრო მასშტაბურად განავრცობს.

გარდა ამისა, The Rings of Power ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება, რაც კი აქამდე გადაუღიათ: მარტო პირველი სეზონის გადაღება $465 მილიონი დაჯდა. სულ ხუთი სეზონის გადაღებაა დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაციით, ხარჯები 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.