კიბერუსაფრთხოების კომპანიის Securonix-ის მიხედვით, ჰაკერები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტო-ფაილებს იყენებენ, რათა კომპიუტერის ვინდოუსში ზიანის მომტანი პროგრამები გაავრცელონ.

კვლევითმა გუნდმა დააიდენტიფიცირა ვების მიერ გასულ თვეში გადაღებული ფოტო, რომელიც ჰაკერებმა შეცვალეს, რათა მან მიზანში ამოღებული სისტემები დააზიანოს.

Securonix-ის მიხედვით, ჰაკერები მეილით გზავნიან ფიშინგს, რომელიც შეიცავს Microsoft office-ის დოკუმენტს. ზუსტად ამ უკანასკნელშია ჩამატებული ზიანის მომტანი ფოტო-ფაილი.

"ფოტო შეიცავს ზიანის მომტან Base64 კოდს, რომელიც სერტიფიკატითაა შენიღბული", — აცხადებენ Securonix-ში. "ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის, VirusTotal-ის მიხედვით, ეს კონკრეტული კოდი არ არის იდენტიფიცირებული ანტივირუსული პროგრამების არცერთი მიმწოდებლის მიერ."

როგორც კი კოდი კომპიუტერში აღწევს, ის ჰაკერებს სისტემის კონტროლის უფლებას აძლევს. ვირუსი მაკრო ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ ის იმავე მაკრო ენითაა დაწერილი, რომლითაც შექმნილია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფები, როგორებიცაა, მაგალითად, Microsoft Excel ან Word.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰაკერები ვირუსული ფაილების გასავრცელებლად სურათებს იყენებენ. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ, მათ შორის, მიმების გავრცელების სახითაც. თუმცა, როგორც Securonix-ში აცხადებენ, მსგავსი კოდის გასავრცელებლად ასეთი ფოტოს გამოყენება "არ არის ხშირი", ამიტომ ამ საკითხს სწავლობენ.