გახსოვს, რას აკეთებდი, როცა 12 ან 15 წლის იყავი? — ალბათ შენც, ყველა ჩვენგანის მსგავსად, თამაშობდი, მეცადინეობდი ან მულტფილმებს უყურებდი, ბიზნესსა და მეწარმეობაზე კი, სავარაუდოდ, არ ფიქრობდი. აი, პატარა გამომგონებლებმა, ნიკოლოზ დვალმა და ალექსანდრე გოგლიძემ კი დაამტკიცეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, უნდა გაბედო და ყველას გააცნო შენი ინოვაციური იდეები.

გასულ წელს ისთ ფოინთის ბავშვების მარკეტზე ნიკოლოზმა საკუთარი გამოგონებები, ინოვაციური სარწყავი სისტემა და ჭკვიანი მოდემი, ხოლო ალექსანდრემ — სამაგიდო თამაში წარადგინა. მათ ისთ ფოინთის სტუმრებისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს და გრანტიც მოიპოვეს.

ბავშვების მარკეტი უკვე იქცა ტრადიციად, იგი წელსაც გაიმართება და ჩვენ გიამბობთ, რატომ უნდა გახდე მისი მონაწილე ან, უბრალოდ, მხარი დაუჭირო სხვას.

რა არის ბავშვების მარკეტი?

ფოტო: ისთ ფოინთი

ბავშვების მარკეტი ისთ ფოინთის ინიციატივით 2021 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ბავშვების მხარდაჭერა და მათი იდეების ხელშეწყობაა. პროექტი 100 ნიჭიერ, შრომისმოყვარე და ფანტასტიკური იდეების მქონე ბავშვებს ისთ ფოინთში ელის და საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოგონებები თუ ნაკეთობები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ, გაიცნონ თანატოლები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციას ქმნიან და კარგადაც გაერთონ.

17-18 სექტემბერს პატარა მეწარმეებს საშუალება ექნებათ, გამოფინონ და გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები და რაც მთავარია, საკუთარ მიზნებთან ერთი ნაბიჯით მისაახლოებლად, მოიპოვონ 2000 ლარის ოდენობის გრანტი.

ისთ ფოინთში ელიან ყველას, დიდსა თუ პატარას, რათა მხარი დაუჭირონ მეწარმეებს და ორი გამარჯვებულიდან ერთი ხმის მიცემით გამოავლინონ.

"პანდემიის პერიოდში, როდესაც სკოლები, ბაღები, გასართობი ცენტრები არ ფუნქციონირებდა, ისთ ფოინთში აქტიურად დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეხალისებინა ბავშვები, შეგვექმნა უსაფრთხო გარემო და ამასთანავე საშუალება მიგვეცა, ყოფილიყვნენ ლაღად და თავისუფლად. ასე გაჩნდა ბავშვების მარკეტის იდეა, რომელის წელს მეორედ ჩატარდება და 100 ნიჭიერ ბავშვს უმასპინძლებს", — ამბობენ ისთ ფოინთში.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

ფოტო: ისთ ფოინთი

ყველაზე ფერად, მხიარულ და საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა 16 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ.

თუ ხარ 16-წლამდე და გაქვს შენი იდეა ან გამოგონება, შეავსე მარტივი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 8 სექტემბრამდე და დაელოდე პროექტის ორგანიზატორებისგან დეტალურ ინსტრუქციას ელ.ფოსტაზე.

ონლაინ ფორმის სანახავად ესტუმრე ამ ბმულს: https://forms.gle/PNAnZs1yUB3XUxrm9

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

ფოტო: ისთ ფოინთი

ამ შემთხვევაში საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი გამარჯვებული სწორედ ხალხის ხმებით გამოვლინდება. ერთს კი ჟიურის წევრები აირჩევენ.

ასე რომ, 17-18 სექტემბერს ისთ ფოინთში დიიიდი ჟრიამული გველოდება. ჩაინიშნე თარიღი, გახდი დიდი მხიარულების ნაწილი და რაც მთავარია, ხელი შეუწყვე პატარა მეწარმეებს საკუთარი ოცნებების ასრულებაში.