ბოლო ხუთი დღის განმავლობაში NASA-მ Artemis 1 მისიის გაშვება უკვე მეორედ გადადო.

29 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მისიის ხელახლა დაწყება 3 სექტემბერს, 22:17-ზე, იგეგმებოდა, მომდევნო ორი საათის განმავლობაში კი ხომალდ Orion-ისა და და მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რაკეტის, Space Launch System-ის (SLS), გაშვება უნდა გვეხილა.

გაშვების წინა ოპერაციები პროგრამის ხელმძღვანელის, ჩარლი ბლექველ-ტომპსონის, ბრძანებით აქამდე სამი საათით ადრე ჩაიშალა — Space Launch System რაკეტაში საწვავის ჩატვირთვისას სუპერცივმა თხევადმა ჰელიუმმა გაჟონა, ინჟინრებმა კი პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.

ხელახალი მცდელობის შესახებ NASA-ს მაშინვე არაფერი განუცხადებია, თუმცა, სავარაუდოდ, მისიის გაშვებას 5 ან 6 სექტემბრისთვის დაგეგმავენ.

ნასას ხელმძღვანელის, ბილ ნელსონის, თქმით, მისიის მენეჯერები გაშვების საკითხს განიხილავენ. თუკი ინჟინრები ჩათვლიან, რომ გამშვებზე გაჟონვის პრობლემა რთული მოსაგვარებელი იქნება, შესაძლოა, კოსმოსური ხომალდი ისევ სამონტაჟო შენობაში დააბრუნონ. ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, კოსმოსში მისი გაშვება ოქტომბრისთვის გადაიდება.

NASA-ს განცხადებით, სპეციალისტები დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობენ.

საგულისხმოა, რომ Space Launch System-ის მსგავსი ახალი რაკეტებისათვის ტექნიკური პრობლემები უჩვეულო სულაც არაა. რაკეტა საკმაოდ კომპლექსურია, გაფრენამდე კი ინჟინრებმა ჯერ კიდევ არაერთი პროცედურა უნდა გამოცადონ შეუფერხებლად.

"ეს ჩვენი კოსმოსური პროგრამის ნაწილია — გეგმების ჩაშლისათვის მზად იყავით", — განაცხადა ნელსონმა NASA TV-ზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.