Google-ის შვილობილი კომპანიის, DeepMind-ის მკვლევრებმა რამდენიმე წლის წინ განავითარეს ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც ადამიანს ჭადრაკსა და გოს თამაშში აჯობა. ახლა კომპანია აანონსებს ახალ AI-ს, რომელიც ფეხბურთის მოედანზე გამოჩნდება.

კომპანიამ 31 აგვისტოს გამოაქვეყნა კვლევითი ნაშრომი, რომელსაც თან დაურთო ბლოგ-პოსტი NPMP-ის (new neural probabilistic motor primitives) შესახებ — მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მეთოდი, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური ობიექტების მართვას სწავლობს.

ბლოგის მიხედვით:

NPMP არის ზოგადი დანიშნულების მოძრაობის მაკონტროლებელი მოდული, რომელიც მოტორულ განზრახვებს, ქცევებს საკონტროლო სიგნალებად აქცევს; მისი გავარჯიშება ხდება offline ან RL-ს მეშვეობით MoCap-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებსაც ადამიანებზე ან ცხოველებზე დამაგრებული მოწყობილოებები აგროვებენ მათ მიერ ჩვენთვის საინტერესო ქცევების შესრულებისას.

მკვლევართა გუნდმა განავითარა AI, რომელსაც ფიზიკური სიმულაციის პირობებში სხვადასხვა ვიდეოების ყურებით შეუძლია ამა თუ იმ დავალების შესრულების სწავლა.

რობოტებისა და ფიზიკური ობიექტების სამართავად ხელოვნური ინტელექტის გასავარჯიშებლად მკვლევრებმა მანქანები რეალური ცხოვრებისთვის, გამოწვევებისთვის უნდა მოამზადონ, რადგან სიმულაციის მიღმა ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. მანქანები მზად უნდა იყვნენ გრავიტაციისთვის, სრიალა ზედაპირებისთვის და მათ საქმეში სხვა აქტორების დაუგეგმავი ჩარევისთვის.

ამ ვარჯიშების მიზანი არაა უკეთესი ფეხბურთელის შექმნა (ყოველ შემთხვევაში, ახლა), არამედ AI-სთვის დახმარება, რათა მან მარტივად შეძლოს შედეგების, შემდეგი ნაბიჯების წინასწარ განზრახვა.

ხელოვნური ინტელექტი, ანუ ვირტუალური ჰუმანოიდი ავატარი კვლევის დასაწყისში მოედანზე ძლივს მოძრაობდა, თუმცა უფრო და უფრო მეტი ვარჯიშის შედეგად მისი სირბილის დროც გაიზარდა და ასევე მას უკვე შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ საითკენ წავა ბურთი და რა რეაქცია ექნებათ სხვა აგენტებს მასზე.

ეს რობოტი ნამდვილი ფეხბურთის მოედნისგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა. მას ადამიანისგან განსხვავებით კონკრეტული დავალების დასამახსოვრებლად თუ მოძრაობის შესასწავლად ვიდეოს მრავალჯერ ნახვა სჭირდება. თუმცა უკვე არსებულ AI-ებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რობოტი ფეხბურთელები არაა წარმოუდგენელი რამ და ერთ დღეს ბევრისთვის საყვარელი სპორტის მოედანზეც შეიძლება, ვიხილოთ.