გამოცემა Science-ში გამოქვეყნებული პატარა კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ერთ-ერთი ჰორმონის რეგულარულად მიღებამ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შემეცნებითი უნარები გაუუმჯობესოს.

მკვლევრები სინდრომის მქონე 7 ადამიანს 6 თვის განმავლობაში აძლევდნენ GnRH-ს, გონადოტროპინის გამომყოფ ჰორმონს, 2-2 საათით. კვლევის მონაწილეები 20-იდან 37 წლამდე ასაკის იყვნენ. მეცნიერებმა მათი ტვინები დაასკანერეს და ჰორმონის მიღების შემდეგ ნერვულ კავშირში ცვლილებები შენიშნეს ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც შემეცნებას უკავშირდება.

ამ კუთხით 7-იდან 6 ადამიანის მდგომარეობა ზომიერად გაუმჯობესდა: მათ უკეთ შეეძლოთ ფოკუსირება და ინსტრუქციების გაგება საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომლის წევრებისთვისაც ჰორმონი არ მიუციათ.

Science-ში პიტლაუდი და მისი კოლეგები აქამდე გაკეთებული აღმოჩენის შესახებაც წერენ: მე-16 ქრომოსომაში დამატებითი ქრომოსომის მქონე თაგვებში ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური გაუარესება და ყნოსვის დაკარგვა შეინიშნება. იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებში, რომელთაც 21-ე ქრომოსომაში აქვთ ერთი დამატებითი ქრომოსომა.

ექსპერიმენტთა სერიაში გუნდმა აღმოაჩინა, რომ გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის რეგულარული დოზების მიღება ამ თაგვებში ყნოსვასა და კოგნიტიურ პერფორმანსს აუმჯობესებდა.

პიტლაუდის თქმით, მონაწილეებში არანაირი გვერდითი ეფექტი არ შეუნიშნავთ და ჰორმონს სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებში უკვე იყენებენ პუბერტატის გამოსაწვევად.

"ვფიქრობ, ეს მონაცემები, თავისთავად, ძალიან ამაღელვებელია, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ", — განაცხადა მან.

მისი თქმით, უფრო მასშტაბური კვლევებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ მონაწილეებში გაუმჯობესება რაიმე სხვა ფაქტორს არ გამოუწვევია, მაგალითად, შეფასებისას სტრესის შემცირებას.

კვლევაში გამოყენებული მეთოდების კუთხით რამდენიმე საყურადღებო საკითხი სხვა ექსპერტებმაც წამოჭრეს.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ თომასის, აზრით (იგი დაუნის სინდრომის მქონე პირებში კოგნიტიურ განვითარებას შეისწავლის), კვლევის შედეგები საკმაოდ ამაღელვებელია, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად შეიძლება ჰორმონული თერაპიის ბავშვებისთვის დანიშვნა.

მეორე მხრივ, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ანდრე სტრიდომი თვლის, რომ კვლევაში გამოსაყენებლად თაგვის მოდელი შესაბამისი არ არის, ვინაიდან მათი დამატებითი ქრომოსომა რამდენიმე განსხვავებულ გენს შეიცავს იმ გენებისგან, რომლებიც ადამიანის 21-ე ქრომოსომაში გვხვდება.

საგულისხმოა, რომ კვლევაში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობდა და ისიც იცოდნენ, თუ რას ემსახურებოდა თერაპია. ამასთანავე, კოგნიტიური პერფორმანსის შესაფასებლად მათ მიერ გამოყენებული მეთოდი, როგორც წესი, დაუნის სინდრომის მქონე პირებს ნაკლებად ერგებათ.

კვლევის თანაავტორი მაინც მიიჩნევს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსა და თაგვებში შემეცნებით გაუარესებასა და ყნოსვის დაკარგვას შორის მსგავსების გამო მოდელი მაინც გამოსადეგი შეიძლება იყოს, თუმცა არა იდეალური.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და არაერთი შეზღუდვა არსებობს, მისი შედეგები სხვა ნაშრომებითაც უნდა დადასტურდეს, სანამ კლინიკებში მის გამოყენებამდე მიდგება საქმე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.