რამდენიმე წუთის წინ, ახალ მზიურში კინოჩვენება პროტესტისა და პოლიციის თანდასწრების ფონზე დაიწყო, თუმცა 112-ში შესული შეტყობინების გამო, პოლიცია ადგილზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს.

როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, უწყებაში ზარი შევიდა, "მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის" გამო.

"ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ მზიურის მიმდებარედ, ერთ-ერთ კაფეში შესაძლოა ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, აქედან გამომდინარე სამართალდამცავები ახდენენ რეაგირებას და მოხდება ადგილობრივების და იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია და გატარდება საგამოძიებო მოქმედებები".

შსს-ში აღნიშნულზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და ჯერ არ აკონკრეტებენ, დაიწყება თუ არა გამოძიება, იმ შემთხვევაში, თუ განგაში ცრუ აღმოჩნდება.

როგორც ახალ მზიურში გამართული კინოჩვენების ორგანიზატორმა გვითხრა, პოლიცია ჯერ წინასწარ ღონისძიებებს ატარებს და ამის შემდეგ დაიწყება მოქალაქეების ევაკუაცია.

კინოჩვენების დაწყებამდე, მზიურთან თავი მოიყარეს ჰომოფობიური განწყობების მქონე პირებმა. მათი მიზანი ფილმის თავისუფალი ჩვენების ჩაშლა იყო. ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტის თქმით, შეკრებილების მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები.

ფილმი, სახელად პრაიდი, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეირჩა და ის ტეტჩერის დროინდელ ბრიტანეთში, ლგბტ პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის მნიშვნელობას ეხება.

მზიურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ვაკისა და მთაწმინდის საპატრულო პოლიცია.