მთავრობის დადგენილება 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და ძალაში 2028 წლის პირველი იანვრიდან შედის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მანამდე მთავრობამ ხბოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი დაამტკიცა, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია.

  • ამას გამოეხმაურა სურსათის ეროვნული სააგენტო და მედია დოკუმენტის "არაადეკვატურ აღქმასა და გააზრებაში" დაადანაშაულა.
  • მათი შეფასებით, ეს EU-სთან დაახლოების მიზნით მიმდინარე საქმიანობას "ჩრდილს აყენებს", ასევე, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

დოკუმენტი ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც "ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის". ასევე, მათი მოვლის და კვების წესებს. მაგალითად, აღნიშნულია, რომ:

  • "ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი";
  • "შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური".
  • "ღორები, რომლებიც უნდა ინახებოდნენ კოლტებად, განსაკუთრებით აგრესიულები, რომლებსაც თავს დაესხნენ სხვა ღორები ან არიან ავად ან დაშავებულები, შეიძლება, დროებით ინახებოდნენ ინდივიდუალურ ბაკში".

სააგენტომ ხბოების რეგულაციების მიღების აუცილებლობა ახსნა იმით, რომ ეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანისთვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

  • მათი თქმით, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირისას დაუახლოოს.
  • აღნიშნული რეგლამენტი კი 2008 წლის 18 დეკემბერს ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისად მომზადდა.
  • ამბობენ, რომ ის პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოებას უზრუნველყოფს.