დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუასა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით დონდუამ შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა, ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან გაკეთებილი განცხადებების გამო.

თავის მხრივ, ჰერბერტ ზალბერმა განმარტა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს უჭერს ამ პრინციპს:

"ჩემს კოლეგასთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ განვიხილეთ თქვენთვის ცნობილი გარემოებები. მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მე, როგორც საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი, სრულად ვიზიარებ ევროკავშირის პოზიციას. ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მეც მხარს ვუჭერ ამ პრინციპს".

16 მაისს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, "წარმატებულად ჩატარებულ არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა.