საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებას, უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვენიციის კომისიის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ მოსმენების კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღეს და გადახედვას საჭიროებს.

  • სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და აღნიშნა, რომ ცვლილებებს არ ეთანხმებოდა.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება.

დეგნანის თქმით, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება.

  • "ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ".
  • "ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ".
  • ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველას ჩართულობას.
  • "ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად".

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონპროექტი საჭიროებს გადახედვას, რათა წარმოდგენილი დებულებების საჭიროება და პროპორციულობა დაასაბუთოს.

  • კომისიის რეკომენდაციაა, რომ უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და გონივრული საკანონმდებლო პროცესის მიზნით, მოხდეს დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები.
  • კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მოითხოვს დასაბუთებას ისეთ საკითხზე, როგორიცაა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დანაშაულების სიის გაფართოება.

არქივიდან: 7 ივნისს პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო.

  • ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.