სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტებზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სპეციალური საგამოძიებოს განცხადებით, 15 იანვარს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე დააკავეს.

  • ის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელმა სახეში დაარტყა.
  • რაც შეეხება მეორე ფაქტს, მათი თქმით, 31 ივლისს ბათუმში აჭარის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე და პოლიციის მანქანაში ჩასვა.
  • " დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა", — ნათქვამია განცხადებაში.

დეტალები: პროკურატურის განცხადებით, ზესტაფონის პოლიციის თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

  • რაც შეეხება აჭარის სამმართველოს პოლიციელს, პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ის გირაოთი გაათავისუფლეს — უწყებამ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
  • პროკურატურის თქმით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.