ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მათი ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულია ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი.

  • ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.

დეტალები: უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე დააკავეს.

  • ის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელმა სახეში დაარტყა.
  • რაც შეეხება მეორე ფაქტს, მათი თქმით, 31 ივლისს ბათუმში აჭარის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე და პოლიციის მანქანაში ჩასვა.
  • " დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მტკიცებულებების შემდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურორს მიმართეს, პროკურატურის შუამდგომლობით კი სასამართლომ დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების დაკავების განჩინება გასცა.

  • გამოძიება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.