2007 OR10 მზის სისტემის სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტაა, მისი დიამეტრი სულ რაღაც 1500 კილომეტრია. პლანეტა კოიპერის სარტყელში მდებარეობს.

2007 OR10 2007 წელს, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომებმა, მეგან შვამმა და მაიკლ ბრაუნმა აღმოაჩინეს.

პლანეტაზე დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის, თავისი ღერძის გარშემო ჩვეულებრივზე ნელა ბრუნავდა. როგორც წესი, კოიპერის სარტყელში მდებარე ობიექტები ღერძის გარშემო მოძრაობას 24 საათს ან ნაკლებ დროს ანდომებენ, 2007 OR10 კი იმავეს გაკეთებას 45 საათში უნდება. ამის მიზეზად ასტრონომები მის გარშემო მბრუნავ თანამგზავრს ასახელებდნენ.

თანამგზავრი, რა თქმა უნდა, სულ აქ იყო, უბრალოდ ასტრონომები ვერ ამჩნევდნენ. ამიტომ მათ ჰაბლის ტელესკოპის არქივები ამოქექეს და აღმოჩნდა, რომ 2009 და 2010 წლებში 2007 OR10-ის თანამგზავრი დაფიქსირებული ყოფილა. აღმოჩენისას კი მხოლოდ იმიტომ ვერ დაინახეს, რომ ძალიან მკრთალი ნათება აქვს.

მეცნიერებმა თანამგზავრის დაახლოებითი ზომაც გამოთვალეს და მათი აზრით, ამ კოსმოსური ობიექტის დიამეტრი 240-400 კილომეტრია.