ცალკეული ძალადობრივი შემთხვევებისა და მუდმივი ურთიერთბრალდებების ნაკადის გათვალისწინებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ბუნდოვან პერსპექტივად გამოიყურება. თუმცა მაშინ, როცა გრძელვადიანი მშვიდობისთვის ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს, ცხადია, ვინ იღებს ყველაზე მეტ სარგებელს კონფლიქტის გაჭიანურებით.

22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ბრიუსელში შეხვდნენ. მიშელის განცხადებით, მხარეებს პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, საზღვრის დემილიტარიზაციასა და ტერიტორიების განსაზღვრაზე.

დაბრუნებიდან მალევე, ქვეყნების მმართველებმა საზღვრის დემილიტარიზაციის კომისიების შექმნის ბრძანებას მოაწერეს ხელი. 30-წლიანი კონფლიქტისა და ორი ომის შემდეგ, მედიები და ექსპერტები ამბობდნენ, რომ მშვიდობა ჰორიზონტზე ჩანდა.

თუმცა რეალობის აღსაქმელად დიდი დრო არ აღმოჩნდა საჭირო.

დაბრუნებისთანავე, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხი ბრიუსელში გადაწყვიტეს. მსგავსი რიტორიკა სომხეთში ხშირად იწვევს აღშფოთებას — მთავრობა მტკიცედ უარყოფს, რომ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანი რაიმე სუვერენულ "დერეფანს" მიიღებს. ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარის გაკეთების დროს, მან ასევე მიუთითა ახალ ომზე.

"ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ ძალაუფლებაში მოვლენ, რამეს მიაღწევენ. არანაირად! პირიქით, თუ მათ ისევ არ უნდათ პრობლემები, დასხდნენ და გვერდზე გაიხედონ", — თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

28 მაისს, ალიევის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, რასაც ერთი სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რატომ გრძელდება ეს მტრობა, როცა მშვიდობა ასე შესაძლებელი ჩანს და ასე ახლოს არის? პასუხი მარტივია — ილჰამ ალიევს ეს არ სურს.

"პოპულარული პრეზიდენტი"

სომხეთის ხელისუფლებას მშვიდობა ნებისმიერ ფასად სჭირდება, რადგან იაზრებენ, რომ 2020 წელს გამანადგურებელი სამხედრო მარცხის შემდეგ, აზერბაიჯანი ძალაუფლების პოზიციიდან იყურება.

მეორე მხრივ, ილჰამ ალიევს სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება არ სჭირდება, რადგან არ იცის, მას რა მოუხერხოს. ომმა და გამარჯვებამ ალიევს პირველად მოუტანა უზარმაზარი პოპულარობა ხალხში. მანამდე, მისი ძალაუფლება სუსტ ავტორიტეტს, პოლიციას, მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლას ეყრდნობოდა.

ამასთან, ვერ ახერხებდა თავიდან მოეშორებინა "მამის ფერმკრთალი ჩრდილის" იმიჯი — აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის, რომელსაც ქვეყანაში კვლავ დიდ პატივს სცემენ. რაც დრო გადიოდა, უმცროსი ალიევის ავტორიტეტი იკლებდა, რადგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გაყინული, ხოლო ქვეყანაში ცხოვრების დონე დაბალი იყო.

ომამდე ალიევი საჯაროდ ხშირად არ ჩნდებოდა, იშვიათად იძლეოდა ინტერვიუებს. ყველაზე ხშირად მას ოფიციალურ შეხვედრებზე, მუზეუმებისა და ქარხნების გახსნით ღონისძიებებზე ნახავდით.

თუმცა, ომის მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ, ალიევმა გამარჯვებული ლიდერის და ახლად გათავისუფლებული დასახლებების შესახებ კარგი ამბების გამავრცელებლის როლი მოირგო. ის ინტერვიუებს აძლევდა უცხოურ მედიას, დაიწყო თავდაჯერებულად მოქცევა — იცოდა, რომ აზერბაიჯანის ჯარის წინსვლის შესაჩერებლად მსოფლიოს თითქმის არაფერს გააკეთებდა.

ალიევს სამშვიდობო შეთანხმება ქაღალდზე ტერიტორიული შენაძენების გასამყარებლად ნამდვილად სურს იქამდე, სანამ ამ ხელშეკრულებით სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. თუმცა ასეთი ხელშეკრულება რომც აღსრულდეს, მშვიდობა, რომელიც მას მოაქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უკმაყოფილება გაიზრდება, ალიევი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, შეთანხმება ნებისმიერ წუთს დაარღვიოს, რადგან დაინახა, რომ თავისი რეიტინგს ურყევად გაზრდა მხოლოდ ომის გზით შეძლო.

შესაბამისად, ალიევმა მხოლოდ და მხოლოდ გააგრძელა თავის მოსახლეობაში ნაციონალისტური და მილიტარისტული განწყობის გაძლიერება — მათ შორის, სომხეთზე ახალი ტერიტორიული მოთხოვნების დაყენებით. ომის დასრულების შემდეგ, ალიევმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სომხეთის სიუნიქის პროვინცია, რომელსაც ის ახლა "დასავლურ ზანგეზურს" უწოდებს, აზერბაიჯანის მემკვიდრეობითი მიწაა.

არც ბრძოლა არ შეწყვეტილა მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზთან და სახელმწიფოთაშორის საზღვართან. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანის ჯარმა კონტაქტის ხაზი გადაკვეთა და სომხებით დასახლებული სოფელი დაიკავა — მხოლოდ რუსი სამშვიდობოების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლა.

ბოლოს, სრულფასოვანი მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში, ილჰამ ალიევს არაფერი ექნება, რითაც თავის იდეოლოგიას ჩაანაცვლებს. ქვეყანაში ეს ეროვნულ-პატრიოტული იდეა ყარაბაღის დაბრუნებასა და სომხეთთან დაპირისპირებას ეფუძნება.

ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, არ იცის, როგორ აუხსნას მოსახლეობას შესაძლო მშვიდობა "მარადიულ მტერთან", ან როგორ გადაატანინოს ყურადღება ხალხს ქვეყანაში არსებული პრობლემებისგან.

მტრული დამოკიდებულება სომხების მიმართ

სომხეთი და მთიანი ყარაბაღის სომხები აცხადებენ, რომ კონფლიქტი თვითგამორკვევის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებების საკითხია. აზერბაიჯანისთვის ეს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ომის საბაბით აზერბაიჯანი დევნილების პრობლემებზე საჯაროდ საუბრობს, ხელისუფლება მათით არ ინტერესდება.

არაერთი განცხადების მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რათა სომხები დაარწმუნოს, რომ მათი უფლებები დაცული იქნება. პირიქით, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა ხედავს, რომ აზერბაიჯანელები თავად განიცდიან ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებების ნაკლებობას — ამ მხრივ ისინი მიანმარისა და სუდანის მსგავსი ქვეყნების დონეზე არიან. ამასთან, ხედავენ, რომ საზოგადოებასა და სახელმწიფოს სომხების მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ.

მარტივი ფაქტია, რომ სომხეთსა და თუნდაც, მთიან ყარაბაღს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით აზერბაიჯანზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

ბაქოს არც მთიანი ყარაბაღის სომხების ინტეგრაციის გეგმა არ წარმოუდგენია და არც რაიმე მინიშნება გაუცია, რომ მათ მმართველობის განსხვავებული ფორმა ექნებათ. ეს ზუსტად ემთხვევა ქვეყანაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების მიმართ აზერბაიჯანის პოლიტიკას — ისინი ადგილობრივ ან სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალიან ნაკლებად არიან წარმოდგენილები.

აზერბაიჯანის სამხედროებს ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით მოძრავი დინამიკებიც გამოუყენებიათ და გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღისთვის შუა ზამთარში გაზის მიწოდებაც შეუწყვეტიათ.

აზერბაიჯანი უარყოფს ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის არსებობასაც. ეკლესიებსა და სხვა კულტურულ თუ რელიგიურ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც გლობალურად სომხური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაა აღიარებული, აზერბაიჯანი უძველესი სახელმწიფოს, "კავკასიის ალბანეთის" მემკვიდრეობად მოიხსენიებს.

არც მთიანი ყარაბაღის სომხების განათლების საკითხი დაუყენებიათ დღის წესრიგში. აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები, რუსებისა და ქართველების გარდა, მათ ენაზე არ სწავლობენ. შედეგად, აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენები თანდათან კვდება. როცა ისინი ამ პრობლემებზე საუბრობენ, სეპარატისტებს უწოდებენ.

შესაძლო მომავალი

არსებობს მშვიდობის მიღწევის რაიმე შესაძლებლობა? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვფიქრობ, რომ კი.

ამისთვის სომხეთმა ამჟამინდელი მიმართულებით უნდა გააგრძელოს სვლა, არ მისცეს ნაციონალისტურ ოპოზიციას ბოლო ომგამოვლილი ხალხის ტრავმებზე თამაშის, ძალაუფლებაში დაბრუნებისა და შემდეგ, აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების სიძულვილზე ლეგიტიმურობის აგების უფლება.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ ბევრად უფრო რთული სიტუაციაა. კონფლიქტის მშვიდობიანი და განგრძობითი მოგვარებისთვის ამჟამინდელი ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი მშვიდობა აშკარად არ შედის მათ ინტერესებში.

აზერბაიჯანს ახალი, დემოკრატიული მთავრობა, განათლების, ეკონომიკისა და საკანონმდებლო რეფორმები სჭირდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება სათანადო მშვიდობისთვის სივრცე, თუ სახელმწიფო უარს იტყვის მის ნაციონალისტურ და მილიტარისტულ რიტორიკაზე, შეეწინააღმდეგება მას და ეროვნული უმცირესობების სამართლიან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

ისტორიული მეხსიერების ნარატივის შეცვლის პასუხისმგებლობა ორივე ქვეყანას ეკისრება. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები და მიყენებული ზიანი უნდა გაიაზრონ. თუ ეს მოხდება, გაქრება ის ნაციონალისტური პროპაგანდა, რომელიც მსხვერპლთა და დამნაშავეთა უარყოფის ცალმხრივ ნარატივზეა დაფუძნებული და შედეგად შურისძიებისკენ მოწოდებებს იწვევს.

რაც შეეხება ყარაბაღელი სომხების აზერბაიჯანში ინტეგრაციას, მჯერა, რომ ეს ასევე შესაძლებელია იმ მოდელის საფუძველზე, რომელიც დეიტონის ხელშეკრულებიდან შედგა და 1995 წელს ბოსნიის ომი დაასრულა.

ბოსნიაში, სადაც ადრე კონფლიქტში მყოფი სამი ეროვნება ცხოვრობს, პრეზიდენტი არ არსებობს. ამის ნაცვლად, ქვეყანას მართავს პრეზიდიუმი, რომელიც სამი ადამიანისგან შედგება და თითოეული ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს. პარლამენტი თითოეული ერიდან თანაბარი რაოდენობის დეპუტატებისგან შედგება. მართალია ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ კონფლიქტი ხელახლა არ გაღვივებულა და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენაც მიისწრაფვის.

ბოსნიის სცენარის მიხედვით, აზერბაიჯანში მცხოვრები ყველა ადამიანი თანაბრად მიიღებს სარგებელს დეცენტრალიზაციით. ერთი ადამიანის და საერთო ინტერესების მქონე ჯგუფის ხელში ძალაუფლების კონცენტრირების შესაძლებლობა ნაკლები იქნება და შემცირდება ახალი დიქტატურის ჩამოყალიბების პოტენციალიც.

რეგიონის მცხოვრებლებს შეეძლებათ ბაქოში და ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთი წარმომადგენლობა აირჩიონ — ხალხი თავისუფლად შეძლებს სახელმწიფო ენასთან ერთად მშობლიურ ენაზე ისწავლოს, ხოლო ამ ხალხების კულტურა იძულებით ასიმილაციასა და ჩაგვრას არ დაექვემდებარება.

სომხების სიცოცხლის, ენისა და სახელმწიფო ინსტიტუტებში წარმომადგენლების გარანტიით, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის დაცვითა და ლტოლვილების საკითხის მოგვარებით, კონფლიქტი საბოლოოდ გადაიჭრება. იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, შესაძლებელია რეგიონში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი ორ ერს შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მავთულხლართებით იყვნენ ერთმანეთისგან განცალკევებულები.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.