საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოდან მთლიანი ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.

2017 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა 33%-ით, მთლიანი ექსპორტი კი - 30 პროცენტით.

უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციაში შედის სპილენძის მადნები, კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, აზოროვანი სასუქები, ოქრო და თხილი.

მთავრობა აცხადებს, რომ ჩინეთი კვლავ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულშია და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და 2017 წლის მაისიდან უკვე ჩინეთთანაც. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.