ოკლაჰომაში მცხოვრები 10 წლის გევინ კინი ცოტა ხნის წინ უამრავმა ადამიანმა გაიცნო. ამის მიზეზი კი ბიჭის გმირობა აღმოჩნდა: აუზში ცურვისას გევინის დედას ეპილეფსიური შეტევა დაემართა, გევინი კი მაშინვე აუზში ჩახტა და დედა დახრჩობას გადაარჩინა.

"გევინი აუზიდან ამოსული იყო და მე შეტევა დამემართა. ასეთი შეშინებული არასდროს ვყოფილვარ", — თქვა გევინის დედამ, ლორიმ.

გევინის თქმით, როგორც კი დაინახა, რომ დედა იძირებოდა, არ დაუყოვნებია და მის საშველად გადახტა. ვიდეოში ჩანს, რომ გევინმა დედას თავი ააწევინა, რათა ქალს წყალი არ გადაეყლაპა.

"გევინის სწრაფი მოქმედების შედეგად დედამისს საავადმყოფოში წასვლა აღარ დასჭირვებია და არც წყალი ჩაუყლაპავს. ის ნამდვილი გმირია", — განაცხადა კინგსტონის პოლიციის უფროსმა.

კინგსტონის პოლიციამ გევინს სიმამაცისთვის სიმბოლური ჯილდოც გადასცა. აღსანიშნავია, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის გევინი უკვე მეორედ დააჯილდოვეს — წინა შემთხვევაშიც ბიჭმა ეპილეფსიის მქონე დედის სიცოცხლე იხსნა.