ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიზანი სანახაობის მოწყობა იყო და ამიტომ ითხოვდნენ საჯარო სხდომების გამართვას. ამის შესახებ წიკლაურმა სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადვოკატებმა დატოვეს დაცვის გარეშე და მათ უსაფუძვლოდ დატოვეს სასამართლო სხდომა. ეს არის კანონდარღვევა და ისინი გაძევებული იქნენ, ფაქტიურად, მოსამართლის მიერ. მათი მიზანი არ ყოფილა სასამართლო განხილვა, ისინი ცდილობდნენ სანახაობის მოწყობა, რამეთუ ამ ადვოკატებს სამართალწარმოება მხოლოდ ტოქშოუებში წარმოუდგენიათ," - ამბობს საქმის პროკურორი და დასძენს, რომ ადვოკატები საქმის გაჭიანურებას ცდილობენ.

სასამართლოს სრულად დახურვის გამო, რამდენიმე წუთის წინ სასამართლო სხდომა დატოვა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ და ადვოკატებსაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდა. სხდომიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დეკანოზის სურვილი გაითვალისწინეს.

მას შემდეგ, რაც წინასასამართლო სხდომის მსგავსად, პროკურატურამ საქმის არსებითი განხილვის დახურვაც მოითხოვა მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში ნახსენები პირების არდასახელება შესთავაზა. თუმცა, პროკურატურის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ შეუძლებელი იქნებოდა. სხდომაზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ საქმე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, თუმცა, არა ინტიმურს.

მოსამართლემ სხდომის დახურვის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები ღია სხდომაზე განიხილა და გაიზიარა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.