ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი ალიხანტიმ საქართველოს მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს აცნობა.

დეტალები: ალიხანტიმ გაგლოევს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი გუშინ, 22:15-ზე საათზე დააფიქსირეს.

  • მისი თქმით, აპარატი სამხრეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ უისაში ქართული სოფლებიდან, საჩხერიდან და ჩორჩანიდან დაფრინავდა.
  • სასაზღვრო სამსახურის ე.წ. ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია სასაზღვრო ზონისკენ მიმავალ გზებზე საქართველოს პოლიციის საკონტროლო პუნქტების მოწყობის შესახებ.
  • ის ამბობს, რომ ტოიოტა ჰაილუქსის მარკის მანქანაში 4-მდე თანამშრომელი ამოწმებს სასაზღვრო დასახლებებში მიმავალი პირების საბუთებს, "რათა გამოირიცხოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრების ჩამოსვლა და მათი პროვოკაციული ქმედებები საზღვარზე".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

  • როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ის განუცხადეს, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.