კემბრიჯის უნივერსიტეტში მომუშავე გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ტვინისა და მფეთქავი გულის მქონე თაგვის ემბრიონები შექმნეს ისე, რომ კვერცხუჯრედი და სპერმა არ გამოუყენებიათ. მათ ეს ღეროვანი უჯრედების მეშვეობით შეძლეს, შედეგად მიღებულმა ჩანასახებმა კი 8-ნახევარი დღე იცოცხლეს.

"ეს განვითარების აბსოლუტურად ურთულესი ეტაპია და მთელი ჩვენი დანარჩენი სიცოცხლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", — აცხადებენ ავტორები.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისთვის ცნობილია, როგორ მიიღონ უკვე ჩამოყალიბებული ან "ხელოვნური", მარტივი ემბრიონები ისევე, როგორც ცალკეული ორგანოები. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანამონაწილეები ამბობენ, რომ მათ თაგვის ფუნქციური ემბრიონები "ნულიდან" ერთ-ერთმა პირველებმა შექმნეს. ეს ადრეული ბიოლოგიური პროცესების შესწავლის საშუალებას იძლევა.

ფოტო: Amadei/Handford/CU

სპეციალისტებმა 3 განსხვავებული ტიპის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს და ყურადღება მიაქციეს როგორც ზუსტ კომბინაციებს, ასევე, პირობებს, რათა მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ბუნებრივი პროცესების გამეორება გამხდარიყო შესაძლებელი.

შედეგად, ემბრიონების ფუნდამენტური სტრუქტურები ჩამოყალიბდა. მათ განვითარების ადრეულ ეტაპშიც შეაბიჯეს, რომელიც ნაღვლის ბუშტის, ტვინისა და გულის ფორმირებას გულისხმობს.

ახალი კვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ წყდება ხშირად ორსულობა პირველსავე კვირებში.

"ეს პერიოდი იმ ყველაფრის საფუძველია, რაც ორსულობას მოჰყვება. თუ ის არასწორად ჩაივლის, ფეხმძიმობა შეწყდება", — ამბობენ მეცნიერები.

თუ ბრიტანელი მკვლევრების მიერ შემუშავებული მეთოდი მომავალში ცდებს წარმატებით გაივლის, შესაძლოა, ის ორგანოების ტრანსპლანტაციაში გამოვიყენოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.