დღეს მოდის სამყაროში ბალენსიაგასა და დემნას სახელები ყველამ კარგად იცის. მიუხედავად იმისა, რომ ბალენსიაგა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდია, სოციალურ ქსელებში ბრენდი და მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი აქტიურობით არ გამოირჩევიან. თუმცა როცა საქმე სანდო ინფორმაციის სწრაფად მიღებაზე მიდგება, ყველამ იცის, რომ demnagram-ს უნდა მიმართოს.

demnagram საბა ბახიამ ჯერ კიდევ 2018 წელს შექმნა. რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ საბა ბალენსიაგას გუნდის წევრი, მოდის სახლი კი demnagram-ის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. საბას შესახებ ცოტა ხნის წინ სტატია ბრიტანულმა ვოგმაც გამოაქვეყნა.

"დემნამ ფეისბუქზე ყველაზე შთამაგონებელი შეტყობინება მომწერა: 'გჯეროდეს საკუთარი თავის და გაჰყევი შენს ოცნებებს, ისინი ყოველთვის კარგ ადგილას მიგიყვანენ'. მას ვენდე და ახლა საუკეთესო ადგილას ვარ — სწორედ ეს შეტყობინება გახდა ნაპერწკალი, რომელიც DemnaGram-ის შესაქმნელად მჭირდებოდა", — ამბობს საბა ინტერვიუში.

ინტერვიუში საბა აღნიშნავს, რომ ანგარიშის შექმნიდან დღემდე სანდო ინფორმაციის წყაროა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ბალენსიაგას გუნდის წევრი გახდებოდა: "ანგარიში ჩემებური გზა იყო, რომ მისდამი აღფრთოვანება შორიდან გამომეხატა, ამიტომ ჩემს გმირთან მუშაობა ახდენილი ოცნებაა და ძალიან ვამაყობ, რომ მისთვის მეგობრის წოდებაც შემიძლია".

საბამ ვოგთან მასსა და დემნას შორის მსგავსებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და დემნა საქართველოდან არიან.

"ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა, შიშისა და ყოყმანის გარეშე ვსაუბრობთ იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ამას დემნაში ვაფასებ. ბევრი მეუბნება, რომ ახალგაზრდა დემნას ვგავარ და ვფიქრობ, ის ჩემში საკუთარ თავს ხედავს. სწორედ ამიტომ ბალენსიაგასთვის ერთგულად ვმუშაობ, რადგან არ მინდა, მას იმედი გავუცრუო", — ამბობს საბა.

"ბახია ინსტაგრამზე, ალბათ, ყველაზე იღბლიანი ადამიანია", — ასე აფასებს საბას ბრიტანული ვოგი და თან აღნიშნავს, რომ საბა ბალენსიაგას გუნდის წევრი მხოლოდ 6 თვის წინ გახდა, თუმცა უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.