ახალ კვლევაში მეცნიერები უნიკალური სამედიცინო შემთხვევის შესახებ გვიყვებიან, კერძოდ, 36 წლის პაციენტზე, რომელსაც ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა. ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი პრეცედენტია.

იტალიელ კაცს სიმპტომები ესპანეთში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგომ გამოუვლინდა. საზღვარგარეთ მას დაუცველი სექსი ჰქონდა, რაც აივ-ინფექციის გადადების რისკის შემცველია, რომლის ტესტიც პაციენტმა 2021 წლის სექტემბერში გაიკეთა და უარყოფითი შედეგი მიიღო. ასევე, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით გასულ წელს 2-ჯერ აიცრა და COVID-19 იანვარში გადაიტანა.

ყველაფერი მაღალი ტემპერატურით, დაღლილობითა და ყელის ტკივილით დაიწყო. 2 ივლისს კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მომდევნო დღეს კი სახესა და ტანზე გამოაყარა.

ფოტო: Journal of Infection

5 ივლისს მან საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც ექიმებმა მაიმუნის ყვავილის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზეც შეამოწმეს და მის ორგანიზმში შიდსის გამომწვევი ვირუსის არსებობაც გამოავლინეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირად COVID-19-სა და მაიმუნის ყვავილის ნიშნები ერთმანეთს ჰგავს, კონკრეტულად სიცხე, თავისა თუ ყელის ტკივილი და ზოგჯერ გამონაყარიც. პირველ შემთხვევაში ეს უკანასკნელი იშვიათად იჩენს თავს, ხოლო მეორე შემთხვევაში ყოველთვის არ ვლინდება, რაც სიმპტომების საფუძველზე დასკვნების გამოტანას ართულებს.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ასეთ სიტუაციაში პაციენტების სამედიცინო და მოგზაურობის ისტორიის, ასევე, სექსუალური აქტიურობის შესახებ ინფორმაციას შესწავლა მნიშვნელოვანია. დაბოლოს, რეკომენდებულია ისიც, რომ მაიმუნის ყვავილის დადასტურების შემდეგ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტირებაც ჩატარდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.