შვედეთის პროკურატურამ ვიკილიქსის დამფუძნებელს, ჟულიან ასანჟს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა, რითაც შვიდწლიანი გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, რათა ექსტრადირება აირიდოს თავიდან. ის მიიჩნევს, რომ შვედეთში ექსტრადირების შემთხვევაში, აშშ-ში გაგზავნიან, სადაც სასამართლო ელოდება ამერიკის სამხედრო საიდუმლოებების გავრცელების გამო.

ასანჟი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას, გაუპატიურების შესახებ, მუდამ უარყოფდა. ის 6 თვის წინ შვედეთის ოფიციალურმა პირებმა ლონდონში დაკითხეს. თუ ასანჟი შენობას დატოვებს, მას ბრიტანეთის პოლიცია დააპატიმრებს.

დიდი ბრიტანეთი უარს აცხადებს დაადასტუროს, მიიღო თუ არა აშშ-სგან ასანჟის დეპორტაციაზე მოთხოვნა.

ვიკილიქსმა 2010 წლიდან დღემდე ასიათასობით საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც ასახავდა ამერიკელების სამხედრო ქმედებებს ერაყში, დოკუმენტებს შორის იყო სამხედრო შინაარსის საიდუმლო მასალები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.

დოკუმენტების ნაწილი ვიკილიქსს ამერიკის ჯარის ანალიტიკოსმა, ჩელსი მენინგმა, გადასცა, რომელმაც ციხე 2 დღის წინ დატოვა.