თუ წონის დაკლება ან შენარჩუნება არასდროს გიჭირდათ, ასაკის მატებასთან ერთად კი ყველაფერი შეიცვალა, მარტონი ნამდვილად არ ხართ. ეს გასაკვირი არაა, რადგან წლების გასვლის პარალელურად, ორგანიზმი ჩვენს მცდელობებზე ისე ვეღარ რეაგირებს, როგორც ახალგაზრდობაში.

პირიქით, რაც დრო გადის, ჩვენს სხეულს ზედმეტი კილოგრამები ბუნებრივად ემატება, რაც ზოგ შემთხვევაში ჭარბწონიანობასაც იწვევს. ამის რისკი 40-59 წლის ასაკის ადამიანებში განსაკუთრებით იზრდება, 60-ს ზემოთ კი ოდნავ მცირდება. წინამდებარე სტატიაში სწორედ აღნიშნული პრობლემის მიზეზებზე გესაუბრებით.

1. ასაკთან დაკავშირებული კუნთების ატროფია

კუნთების მასა 30 წლის ასაკიდან დაწყებული, ყოველ დეკადაში 3-დან 8 პროცენტამდე მცირდება, რასაც სარკოფენია ეწოდება. ამას ხელს უწყობს პასიური ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობებისთვის ხელის შემშლელი დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად, ართრიტი და სხვა.

კუნთი კალორიების წვის პროცესში მონაწილეობს, მაშინაც კი, როცა უმოძრაოდაა. ამის მიუხედავად, თუ არ ვარჯიშობთ, ამ ქსოვილის მასა იკლებს და ორგანიზმსაც უფრო ცოტა კალორია ესაჭიროება. შესაბამისად, როცა შუა ხნის ასაკში ისევე ვიკვებებით, როგორც ახალგაზრდობაში, წონის მომატების რისკის ქვეშ ვართ.

ფოტო: pinimg

2. შენელებული მეტაბოლიზმი

კუნთების ატროფია მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის შენელებას განაპირობებს. ესაა პროცესი, რომლის დროსაც საკვების სახით მიღებული კალორიები ენერგიად გარდაიქმნება. თუ სხეულში ცხიმის რაოდენობა კუნთისას აჭარბებს, კალორიები ისე სწრაფად ვეღარ იწვება.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად აქტიურები ვართ, რადგან ვარჯიშისას ან უბრალოდ სიარულისას მეტაბოლიზმი ჩქარდება. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში დიდი როლი აქვს სქესს, სხეულის ზომას და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასაც.

3. ჰორმონალური ცვლილებები

როგორც ცნობილია, შუახნის ასაკში ქალებისა და კაცების სხეულში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ზედმეტი კილოგრამების მომატებით სრულდება ხოლმე. პირველ შემთხვევაში მენოპაუზის დროს ესტროგენის დონე საგრძნობლად იკლებს და ცხიმი მუცლის არეში გროვდება. იზრდება მაღალი წნევის, ქოლესტერინის, დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკიც. მენოპაუზამდელ პერიოდში კი გუნება-განწყობის ცვლილებები ფიქსირდება, რაც ჯანსაღი დიეტის დაცვასა და ვარჯიშის გეგმის მიყოლას ართულებს.

კაცების შემთხვევაში 40 წლის ასაკისთვის ტესტოსტერონის დონე იკლებს, წელიწადში 1-2 პროცენტით. ეს ჰორმონი ცხიმის განაწილებასა და კუნთების სიძლიერესა თუ მასიურობაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად, მისი შემცირების შედეგად ნაკლები კალორია იწვება. იგივე ხდება ზრდის ჰორმონის ნაკლებობის დროსაც.

ფოტო: intimina

4. ბევრი მუშაობა — ნაკლები დრო

შუახნის ასაკისთვის ადამიანთა დიდი ნაწილი კარიერულ მწვერვალზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, მუშაობას ბევრ დროს უთმობთ და ნაკლებს მოძრაობთ. დღეში 8 ან მეტი საათით ჯდომა და საქმის კეთება, რა თქმა უნდა, ორგანიზმზე კარგად არ აისახება, დამღლელი სამუშაო პერიოდის შემდეგ კი ბევრ ჩვენგანს ვარჯიშის ენერგია და, რაც მთავარია, დრო უბრალოდ არ აქვს.

დიდია იმის შანსიც, რომ მოუცლელობის გამო შესვენებებზე სათანადოდ ვერ იკვებებოდეთ და მარტივად დასანაყრებლად არაჯანსაღ, კალორიულ პროდუქტებს მიირთმევდეთ. ამას ემატება სტრესიც, რაც ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფას უწყობს ხელს, ეს კი ჭამას გვანდომებს.

5. ცხოვრების სტილის ცვლილება

წონის მომატების მიზეზი ზოგჯერ არა სხეულში მიმდინარე პროცესებში, არამედ ცხოვრების სტილში უნდა მოვძებნოთ, რომელიც ხშირად ისეთი აღარაა, როგორც ახალგაზრდობაში. ამის განმაპირობებელი ფაქტორი ახალი პასუხისმგებლობებია, მაგალითად, ოჯახის შექმნა, რაც მნიშვნელოვან დროით რესურსს მოითხოვს, მითუმეტეს, თუ ბავშვებიც გყავთ.

გასაკვირი არაა, რომ ამის გამო ადამიანები სავარჯიშო დარბაზებში სიარულს ვერ ახერხებენ და საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ (ეს ფრაზა, ალბათ ბევრი მშობლისგან გაგიგიათ).

იმისათვის, რომ ზედმეტ წონას ეფექტიანად ებრძოლოთ, ეცადეთ, ჯანსაღად იკვებოთ და კალორიები ოდნავ მაინც შეამციროთ, ივარჯიშოთ, დალიოთ ბევრი წყალი, მოერიდოთ სტრესს და სრულყოფილად იძინოთ. თუ ზედმეტი წონა ჯანმრთელობის პრობლემებს გიქმნით, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რათა სხვადასხვა დაავადების რისკი გამორიცხოთ.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.