ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ პროკურატურას დეკანოზ მამალაძის ინტიმური ვიდეომასალების გასაჯაროვებით არ აშანტაჟებს და საქმეში მსგავსი მასალა არ არის. მისივე თქმით, ეს პროკურატურის შუამდგომლობის ხელოვნური დამახინჯებაა:

"არავითარი მსგავსი ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს საქმეში. ამას მოწმობს საქმის მასალები, რომლებიც მოსამართლეს აქვს წარდგენილი. არ თქმულა მსგავსი რამე. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული ხასიათის პირადი ცხოვრების ინფორმაცია არსებობს საქმეში გიორგი მამალაძის, ასევე, მესამე პირთა პერსონალური მონაცემები. გიმეორებთ კატეგორიულად, რომ არავითარი ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს."

მანამდე, ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე, შუამდგომლობის დაყენებისას თქვა, რომ მტკიცებულებები შეიცავს დეკანოზის პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმურ დეტალებს:

"საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ გიორგი მამალაძის მობილურიდან ამოღებული ინფორმაცია, გიორგი მამალაძის პერსონალური კომპიუტერიდან მოპოვებული ინფორმაცია შეიცავს ბრალდებულის პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს, ხშირ შემთხვევაში ინტიმურს, რომელიც გიორგი მამალაძეც როგორც სასულიერო პირს, კატეგორიულად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს".

ჯარჯი წიკლაურმა ასევე თქვა, რომ ბრალდებული დეკანოზი და მისი ადვოკატები ყოველ მორიგ სხდომაზე ახალ-ახალ ინფორმაციას იგონებენ და ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ "სრულიად კანონიერი მტკიცებულებები."

"ადვოკატის მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება, რომ ჩვენ მსგავსი რაღაც ვიდეოთი ვიღაცას ვაშანტაჟებთ, ეს არის მათი სტრატეგია, რომ რაღაც გავლენა მოახდინონ დარბაზზე, ალბათ, ჟურნალისტებზეც და თქვენ არასწორად გააშუქეთ სამწუხაროდ, თუმცა გიმეორებთ მსგავსი ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს, არც არსებობდა და ეს არის ადვოკატებისგან განზრახ დამახინჯება," - ამბობს პროკურორი და ამატებს, რომ საპროცესო შეთანხმება ან/და განრიდება ბრალდებულისთვის არ შეუთავაზებია, ვინაიდან მკვლელობის მომზადების ბრალდებაზე განრიდების გამოყენება კანონითაა აკრძალული.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.