მას შემდეგ, რაც ფილმებისა და სერიალების ცნობილი ქართული მეკობრული ვებგვერდები გაითიშა, ინტერნეტსივრცეში ახალი საიტი adjaranet.to გამოჩნდა, რომელიც სახელწოდებით, დიზაინითა და მასზე განთავსებული არალეგალური მასალით adjaranet.com-ს ჰგავს.

ამის გამო ბევრმა ჩათვალა, რომ ეს მათი განახლებული მისამართია, რომლითაც სახელმწიფო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ. ამ ფაქტს adjaranet.com ტიკტოკის ანგარიშზე ვიდეოთი გამოეხმაურა და adjaranet.to-სთან კავშირი უარყო.

"ეს საიტი, რაც გავრცელდა – adjaranet.to ჩვენ არ ვართ", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ adjaranet და iMovies ისე გაითიშა, რომ თავად ამ ვებგვერდების წარმომადგენლებს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ მათ საიტებზე შესულ მომხმარებლებს შემდეგი წარწერა დახვდათ: "საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია".

შესაბამისად, ეს მათი მხრიდან პირველი ოფიციალური კომენტარია, სადაც ასევე აზუსტებენ, რომ ჯერ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას არ აახლებენ:

"სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით, ასე რომ, დროებით", — აზუსტებს adjaranet-ის თანამშრომელი ტიკტოკის ვიდეოში.

რამდენიმე დღის წინ გაითიშა ქართულ ინტერნეტსივრცეში ფილმებისა და სერიალების ყველაზე ცნობილი მეკობრული ვებგვერდები, რასაც მანამდე წინ უძღოდა პირველი ქართული ლეგალური ონლაინ კინოთეატრის — CaveaPlus-ის ამუშავება, თუმცა თავად კავეას წარმომადგენელმა adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვასთან პირდაპირი კავშირი, როგორც ეს ბევრმა მაყურებელმა დაინახა, უარყო.

24 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფილმებისა და სერიალების არალეგალურ ქართულ ვებგვერდებს "თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ". მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პროვაიდერებს ამ საიტების დაბლოკვა მოსთხოვა.

ჯერ კიდევ 2019 წელს გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორმა კომპანია Motion Picture Association of America-მ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამაფრთხილებელი წერილით ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვა. 2021 წლის ნოემბერში ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების ამავე გაერთიანების მიმართვის საფუძველზე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ქართული მეკობრული ვებგვერდების სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა. 2022 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულებას, რისი სამომავლოდ კიდევ უფრო ქმედითად აღსრულება საქართველომ თავის თავზე აიღო.

ყველაფერი, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში ამჟამად მიმდინარე ცვლილებებზე უნდა იცოდეთ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: