ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე, შუამდგომლობის დაყენებისას თქვა, რომ მტკიცებულებები შეიცავს დეკანოზის პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმურ დეტალებს:

"საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ გიორგი მამალაძის მობილურიდან ამოღებული ინფორმაცია, გიორგი მამალაძის პერსონალური კომპიუტერიდან მოპოვებული ინფორმაცია შეიცავს ბრალდებულის პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს, ხშირ შემთხვევაში ინტიმურს, რომელიც გიორგი მამალაძეც როგორც სასულიერო პირს, კატეგორიულად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს".

ამ განცხადების საწინააღმდეგოდ, პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა სხდომათა დარბაზის გარეთ, განაცხადა, რომ საქმე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, თუმცა, არა ინტიმურს.

ბრალდებულმა დეკანოზმა განაცხადა რომ იგი მზად არის მისი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს და მოითხოვა რომ სხდომა იყოს ღია:

"მინდა კითხვა დავსვა. ჩვენ განვიხილავთ ჩემს საქმეს როგორც მოქალაქეს თუ ჩემს პირად ცხოვრებას? მე მზად ვარ ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. მოვითხოვ რომ სასამართლო სხდომა, რომელიც ეხება მკვლელობის მომზადებას და იარაღის შეძენას, იყოს ღია," - აღნიშნა დეკანოზმა.

დღეს, წინასასამართლო სხდომის მსგავსად, პროკურატურა საქმის არსებითი განხილვის სხდომის დახურვასაც ითხოვდა. პროკურატურა სხდომის დახურვის საფუძვლად პერსონალური მონაცემების საჯაროდ გავრცელებას ასახელებდა, დაცვის მხარე კი, ამბობდა, რომ მესამე პირების პირადი ცხოვრების ინფორმაცია არ არის სხდომის დახურვის საფუძველი.

"პროკურატურამ საჯაროდ უკვე განაცხადა დანაშაულის შესახებ. ირაკლი მამალაძე უკვე აჟღერებს დეტალურად საქმის დეტალებს. პროკურატურამ ვიდეო ჩანაწერები გაასაჯაროვა და თუ პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ რა საჭირო იყო ეს, თუ არადა თავიდან ბოლომდე უნდა გაესაჯაროვებინათ," - განაცხადა სხდომაზე მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.