გურამ მაჭარაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა მორიგი ანტიდასავლური განცხადება გაავრცელეს, სადაც ისევ კელი დეგნანსა და საელჩოს ესხმიან თავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ ეს ოთხეული ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებს. ისინი უკვე არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

  • 21 ივლისს ნედ პრაისმა თქვა, რომ დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

დეტალები: წასულები ელჩის ბოლოდროინდელ კომენტარებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მისი ყოველი ახალი განცხადება "მორიგი აღიარებითი ჩვენებაა".

  • ოთხეული საელჩოს პოლარიზაციის პრობლემის "მოფიქრებაში" ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, დეგნანი საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით "შემოგდებული მესიჯებით" ელაპარაკება;
  • მათი თქმით, ელჩის ადგილზე, გავრილოვის ღამეზე ძალიან ცოტას ილაპარაკებდნენ, რადგან "სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი — ოქრო";
  • "როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე".

ISFED: წასულები საუბრობენ სამართლიანი არჩევნების მიმართ ელჩის მხარდაჭერ განცხადებებზეც.

  • მათი თქმით, სწორედ აქ "წამოსცდა" კელი დეგნანს, რომ "წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი";
  • "ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია — ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც პივიტის გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული".

ტელევიზიების დასანქცირება: "ოცნების" ყოფილი დეპუტატები "გამაოგნებელს" უწოდებენ ტელევიზიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას.

  • წასულების განცხადებით, სირცხვილიას კლიპი თავისი შინაარსით, "პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც";
  • მათი მტკიცებით, როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების "ლეგიტიმურად დაჯარიმებას" აპროტესტებ, ეს ადასტურებს, რომ "რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული".

ბრალდებები: ანტიდასავლურ წერილში აღნიშნულია, რომ "საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება".

  • "ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს პივიტის გაყალბება იყო";